ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებასთან კანონპროექტი საერთოდ არაფერ კავშირში არ არის, არავითარი შეხება არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„იქ არ არის ან პრეზიდენტის კომპეტენციის, ან საბჭოს კომპეტენციების ცვლილებაზე საუბარი და არაფერი არ იცვლება. საქართველოს პრეზიდენტს ამ დრომდე რა უფლებებიც ჰქონდა, იგივე უფლებები რჩება ნომინირებასთან დაკავშირებითაც, დანიშვნასთან და აბსოლუტურად ყველაფერთან დაკავშირებით. იგივე რჩება პარლამენტს. ყველაფერი უცვლელად რჩება, ასეთია ფონი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკი რაც შეიძლება, სრულფასოვნად იყოს დაკომპლექტებული, რომ ფუნქციური თვალსაზრისით გარკვეული ჩიხები არ შეიქმნას.
„რაკი თავის დროზე კანონმდებელმა ჩათვალა, ე.ი. ასეა და ცხრა არ არის ჰაერიდან მოსული რიცხვი. რა თქმა უნდა, უკეთესია, რომ საბჭო სრულფასოვნად ფუნქციონირებდეს და ამ რიცხვის კლება, რასაკვირველია, უარყოფითად აისახება ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებაზე. იქ საქმე მართლაც ძალიან ბევრია და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, სრულფასოვნად იყოს დაკომპლექტებული ეროვნული ბანკი, რომ რაღაც გარკვეული ჩიხები არ შეიქმნას ფუნქციური თვალსაზრისით. ეს არ არის უბრალოდ პირთა სიმრავლე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის, სექტორულადაც დასანაწევრებელია და ყველაფერი სხვა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
