შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

970X90

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრს, დომინიკ ჰასლერს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

აღინიშნა, რომ საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრის ვიზიტი, ლიხტენშტაინის მხრიდან, საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს წარმოადგენს.

„შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ლიხტენშტაინის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ საქართველოს რეზოლუციის თანა-სპონსორობისთვის.

დომინიკ ჰასლერის თქმით, საქართველოსა და ლიხტენშტაინს საერთო ღირებულებები აკავშირებთ, როგორებიცაა, დემოკრატიის, ადამიანების უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე სხვადასხვა სექტორში ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება საპარლამენტო კავშირების გაღრმავებაზე გამახვილდა. აგრეთვე, საუბარი განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს შეეხო.

დომინიკ ჰასლერმა აღნიშნა, რომ ლიხტენშტაინი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მზად არის, გაუზიაროს საქართველოს ლიხტენშტაინის, როგორც ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) წევრი ქვეყნის, გამოცდილება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით.

ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან ერთად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობას მრავალმხრივ დონეზეც გააგრძელებენ, მათ შორის, ევროპის საბჭოს ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობის დროს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

970X90
გაზიარება