Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ველით, რომ ევროკავშირი სამართლიანი შეფასებების საფუძველზე წელს სტატუსს მოგვანიჭებს

მარშალ პრესი 08/06/2023
044

ძნელია გასულ წელს ევროპარლამენტის მიერ მიღებული სამი რეზოლუციის უგულებელყოფა, რომელმაც აშკარად უარყოფითი როლი ითამაშა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში და ხელი შეუწყო საქართველოზე მცდარი წარმოდგენების შექმნას – გასულ წელს ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტები შეიცავდა ძალიან სერიოზულ უზუსტობებს, რაც დაეხმარა მხოლოდ მათ, ვინც დაინტერესებულია ევროკავშირისა და საქართველოს დაშორებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოჭორიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი მიმდინარე წლის ბოლოს გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯს სამართლიანი შეფასებების საფუძველზე, მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს და წაახალისებს ქვეყნის წინსვლას ევროპულ გზაზე.

„ჩვენ არასდროს აგვიცილებია ევროპარლამენტის წევრებთან რაიმე რთული საკითხის განხილვა და არ დაგვიშურებია ძალისხმევა, რომ გვქონოდა პირდაპირი კომუნიკაცია და გვეპასუხა ნებისმიერ შეშფოთებისთვის და საჭიროების შემთხვევაში მიგვეცა განმარტებები.

მიუხედავად ამისა, გასულ წელს ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტები შეიცავდა ძალიან სერიოზულ უზუსტობებს, რაც დაეხმარა მხოლოდ მათ, ვინც დაინტერესებულია ევროკავშირისა და საქართველოს დაშორებით. ეს არ არის მიზანი, რომლის მიღწევაც გვსურს. მე მჯერა, რომ ამ კრიტიკულ მომენტში ერთად დგომით და ერთმანეთის ნდობით, პატივისცემით და დახმარებით შეგვიძლია ერთად შევქმნათ ისტორია. წლების განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი. არ უნდა დავივიწყოთ საქართველოს ძალისხმევა, ხელი შეუწყოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად.

გმირი ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ნატო-ს ძალებთან ერთად იდგნენ ოპერაციის ბოლომდე და საქართველოს მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაბამისად, მსახურობდნენ ევროკავშირის მისიებში ცენტრალურ აფრიკასა და მალიში. ამავე დროს, ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიყავით საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ძალისხმევისთვის. ჩვენ ვხედავთ ევროკავშირს, როგორც უსაფრთხოების ერთადერთ გარანტიას, რომელიც მოქმედებს 2008 წლიდან.

ევროინტეგრაციის პროცესისადმი საქართველოს მთავრობის გულწრფელი ერთგულება, გადაიზარდა რეფორმირებულ ინსტიტუტებში, სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში მიღწეულ პროგრესში და ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის გაზრდილ სტანდარტებში. ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ეს დასტურდება დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით და საჭიროებს შექებას და არა უგულებელყოფას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო აცნობიერებს, რამხელა გზა აქვს გასავლელი ევროკავშირის წევრობამდე, თუმცა ისიც იცის, რომ არაფრის მიღწევა შეუძლია მარტოს, ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობის გარეშე.

„ვაცნობიერებთ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზის სიგრძეს. ვიცით, რომ კიდევ ბევრი რჩება გასაკეთებელი ხელისუფლებისა და ასევე საზოგადოების მიერ, მაგრამ არაფრის მიღწევა შეგვიძლია მარტოს, ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობისა და ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გარეშე. ჩვენ თქვენ მეგობრებად გვჭირდებით, რომელსაც წვლილი შეაქვს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პოზიტიურ დინამიკაში და ესმის, რამდენად გადამწყვეტია დღევანდელი მომენტი და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შეუქცევადი ნიადაგის შექმნა. საქართველოს აქვს ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობების გახსნის და ევროპის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში წვლილის შეტანის პოტენციალი.

ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი წელს გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯს სამართლიანი შეფასებების საფუძველზე და მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს და წაახალისებს საქართველოს წინსვლას ევროპულ გზაზე სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად. იმედი მაქვს, ევროპარლამენტი ხელს შეუწყობს ამ გადაწყვეტილებას და ჩვენი კომიტეტის დღევანდელი მუშაობა საფუძველს ჩაუყრის ამ პოზიტიურ დინამიკას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: უცხოელ პარტნიორებთან ღიად ვისაუბრეთ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციები ქმნიან ანტიდასავლურ განწყობებს და გავაფრთხილეთ, თუ ეს არ შეწყდებოდა, საზოგადოებაში გამოიწვევდა რუსეთისთვის ხელსაყრელ განწყობებს – ანდრია ჯაღმაიძე
Next: შესაძლოა ახლა, ევროკავშირი და ჩვენი სხვა პარტნიორები ნანობენ, რომ 90-იანებში, 2008-ში ან უკრაინაში 2014 წელს პირველი ომის დროს, რუსეთისთვის საკმარისი სანქციები არ იყო დაწესებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.