IMG.GE IMG.GE

აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (AFCP) მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოებს 506 000 აშშ დოლარით დააფინანსებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 16 სექტემბერს გაიმართა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრში ჯვრის მონასტრის კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტის პრეზენტაცია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი”, – წერია ინფორმაციაში.

საპატრიარქოს ცნობითვე, გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის პროექტი აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ითვალისწინებს მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საფასადო წყობის ქვების კონსერვაციასა და რესტავრაციას.

საქართველოში ეკლესიები და ისტორიული ძეგლები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ქვეყნის საზოგადოების ისტორიაში და ჩვენ ვამაყობთ და გვიხარია, რომ შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი დაცვისა და შენარჩუნების საქმეში“, – ბრძანა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა.

როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციაში ვკითხულობთ, პროექტის განსახორციელებლად 2019 და 2020 წლებში ორჯერ გამოიყო აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დიდი გრანტი. 2019 წელს პროექტის პირველი ეტაპისათვის – 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2020 წელს კი ფონდმა მხარი დაუჭირა პროექტის გაგრძელებას და გამოყო 506 000 დოლარი მისი მეორე ეტაპისათვის, რომელიც გულისხმობს ფიზიკური სამუშაოების ჩატარებას მომზადებული საკონსერვაციო პროექტის შესაბამისად.

მცხეთის ჯვარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესი ნიმუშია. იგი არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რაც ზრდის მის საერთაშორისო მნიშვნელობას. საკონსერვაციო პროექტის განხორციელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მცხეთის ჯვრის ტაძრის დასაცავად. ამ სამუშაოებმა უნდა აღმოფხვრას არსებული პროგრესირებადი საფრთხეები და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მომავალ 20 წელიწადში კონსერვაციის აუცილებლობა აღარ იქნება“, – ამბობენ ჩუბინაშვილის ცენტრის წარმომადგენლები.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება