კონსტანტინე გამსახურდიას პასუხი მიხეილ სააკაშვილს

1077
წაკითხვა/ნახვა
mpn

„საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთია. იქ, სადაც გროზნოდან გამოფრენილი თვითმფრინავი დაჯდა 1993 წლის 24 სექტემბერს, ანუ სენაკის აეროპორტში, მას დახვდნენ კანონიერი ხელისუფლების ძალოვანი ორგანოების წარმომადგენლები“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად სააკაშვილმა 13 იანვრის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას დაჭერის შემთხვევაში ის აუცილებლად გასამართლდებოდა უკანონო რეჟიმის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოლახვისთვის.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში პასუხობს და ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ საქმე 1992 წლის 2 იანვარს პროკურორმა ვახტანგ რაზმაძემ და მისმა მოადგილემ ანზორ ბალუაშვილმა აღძრეს.

მისივე თქმით, საქმე გადაკვალიფიცირდა, როგორც ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების საქმე.

კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, რომ ბრალდებების უსაფუძვლობისა და აბსურდულობის გამო ზვიად გამსახურდიას საქმე მიჩნეულია იურიდიულ „შედევრად“:

„მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო, ანუ მათთვის, ვინც არ იცის:

ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1992 წლის 2 იანვარს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამ დროს სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება ჯერ კიდევ მიდიოდა თბილისში და დასრულებული არ იყო. იგი აღძრეს სიგუა-კიტოვანი-იოსელიანი-შევარდნაძის ხუნტის ნაფიცმა გენერალურმა პროკურორმა, ვახტანგ რაზმაძემ და მისმა მოადგილემ, ანზორ ბალუაშვილმა.

საქმე გაგრძელდა, შეივსო ახალ-ახალი დანამატებით და გადაკვალიფიცირდა, როგორც ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების საქმე. ბრალდებების უსაფუძვლობით, აბსურდულობით და ჭრა-კერვის ინტენსივობით ეს საქმე მიჩნეულია იურიდიულ „შედევრად“.

საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთია. იქ, სადაც გროზნოდან გამოფრენილი თვითმფრინავი დაჯდა 1993 წლის 24 სექტემბერს, ანუ სენაკის აეროპორტში, მას დახვდნენ კანონიერი ხელისუფლების ძალოვანი ორგანოების წარმომადგენლები. დიახ, კანონიერი ხელისუფლება 1993 წელს დარჩენილი იყო ორ ადგილას – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სამეგრელოს 6 რაიონში.

საქმის მსვლელობა გაგრძელდა წლების მანძილზე ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შემდეგაც. ათობით ფიგურანტი იქნა დაპატიმრებული და გასამართლებული გამარჯვებული მხარის იუსტიციის მიერ. არაერთ შემთხვევაში სასურველი ჩვენების მისაღებად ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას და წამებას. ეს ამაზრზენი პროცესები სადღაც 2001 წლამდე გრძელდებოდა.

რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს:

2011 წლის 24 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სესიამ მოიწონა ძირითადი დოკუმენტი, რომელშიც გამოკვლეული იყო მისი გარდაცვალების ძირითადი გარემოებები. დროებითი (ad hoc) საპარლამენტო კომისიის მიერ შედგენილ 370-გვერდიან დოკუმენტზე ჩემი ხელმძღვანელობით დართული იყო კრიმინალისტიკური დასკვნა, ასევე, 48 ადამიანის სია, რომლებიც არასოდეს დაუკითხავთ და საერთოდ არც შეუწუხებიათ იქიდან მოყოლებული. ამ ადამიანებს შესაძლოა ჰქონოდათ ფასეული ინფორმაციები პრეზიდენტის დევნისა და მკვლელობის შესახებ, ან თავად ყოფილიყვნენ ჩართულნი ამ პროცესებში.

დასკვნა სესიის მომდევნო დღეს პირდაპირ გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვა, რატომ შემოდო ზურაბ ადეიშვილი-მურთაზ ზოდელავას პროკურატურამ საქმე თაროზე?“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

კომენტარები
mpn
მოწონება