თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯია”, კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას სამსახურიდან წასვლის მიზეზების შესახებ, განცხადებით ეხმაურება.
მათი ინფორმაციით, გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება 1-ელ მაისს დაწერა, შესაბამისად ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან.
“იქიდან გამომდინარე, რომ მისი სტატუსი შეიცავს არაერთ უზუსტობას, იძულებულნი ვართ, განვმარტოთ, რომ გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მიმდინარე წლის 1-ელ მაისს მიმართა. შესაბამისად, მის მიერ სამსახურის დატოვება ვერანაირ კავშირში ვერ იქნება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან, რის შესახებაც 10 მაისს გახდა ცნობილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ფხალაძეს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის მოლარე-ოპერატორად მუშაობდა, საჰაერო ხომალდების მომსახურებასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. შესაბამისად, სრულიად უადგილოა მისი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ “რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს არ მოემსახურება,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
