ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდება შეთითხნილი იყო, ჩვენი უდანაშაულობა დავამტკიცეთ, მივიღეთ მორალური და ფინანსური კომპენსაცია, სამართალი ყოველთვის, ყველა შემთხვევაში მოიგებს“, – ასე ეხმაურებაფოტოგრაფი, გიორგი აბდალაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლომ საქართველოს პროკურატურას ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
აბდალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„თითოეული თქვენგანისთვის ცნობილია, რომ ჩვენ ფოტორეპორტიორები ვართ. ზოგიერთი ჩვენგანი საერთაშორისო მედიის სააგენტოებში მუშაობდა. ჩვენ 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები გადავიღეთ. სასამართლო პროცესების მსვლელობისას დადგინდა, რომ 26 მაისი ის ძირითადი მიზეზი იყო, რის გამოც ჩვენ წინა ხელისუფლებამ დაგვსაჯა, ჯაშუშების იარლიყი მოგვაყენა.
უმძიმესი მუხლით გლდანის ციხეში გაგვიშვეს, სადაც ჩვენ ყოველდღიურად, ყოველწამიერად განვიცდიდით წნეხს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რასაც, რა თქმა უნდა, ბრძანების საფუძველზე ჩადიოდნენ.
მაშინდელი ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანი საქმის კურსში იყო და დღემდე არცერთ მათგანს არ ეყო იმის ვაჟკაცობა, ადამიანობა, რომ ეღიარებინათ ეს უკანონო ბრძანება, რაც ჩვენთან მიმართებით გასცეს. მე ხაზგასმით მინდა, ვთქვა: რომ არა ჟურნალისტების მაშინდელი ვაჟკაცობა, გვერდში დგომა, ჩვენი მდგომარეობა ძალზე მძიმე იქნებოდა. ყოველდღიურად ციხის მაშინდელი მმართველი ე.წ „ქილერა“ სულ მაგას გვეუბნებოდა, თქვენ აქედან ცოცხლები ვერ გახვალთო.
გიორგი ბრეგვაძე არის ერთ-ერთი რედაქტორი, რომელმაც ეს ამბავი პირველმა რომ გაიგო, საპროტესტო აქციები დააანონსა. ყველა ის ჟურნალისტი, ვინც ჩვენ უდანაშაულობაში იყო დარწმუნებული, ყოველდღიურად ცდილობდა, გავემხნევებინეთ. დღევანდელი შედეგი თითოეული თქვენგანის იმ სიბოროტეზე გამარჯვებაა, რაც იმ პერიოდში ჩვენს მიმართ ხდებოდა.
ძალზე რთული პერიოდი გავიარეთ. თქვენი, ჟურნალისტების დახმარებით, იმ ცვლილებებით, რომელიც ქვეყანაში მოხდა, დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დავამტკიცეთ ჩვენი უდანაშაულობა, მივიღეთ მორალური და ფინანსური კომპენსაცია. ეს პირველი პრეცედენტია მსგავსი არ მახსოვს. იურისტებმაც აღნიშნეს, რომ ეს, ალბათ, ერთ-ერთი სამაგალითო გადაწყვეტილება იქნება, რომელიც შემდგომში სხვა მსგავს, წინა რეჟიმის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე, შეიძლება, ბევრს თავის საქმეში დაეხმაროს.
დღემდე Youtube-ზე უამრავი მტკიცებულებაა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი ჩვენს ბედს უშუალოდ წყვეტდნენ. დღემდე არცერთ მათგანს არც კაცობა, არც ადამიანობა, არც არაფერი გააჩნიათ, რომ ერთი მაინც გამოსულიყო და ფოტოგრაფების საქმეზე თავისი დანაშაული ეღიარებინა. ეს შეთითხნილი ბრალდება იყო, ჩვენი აღიარება, ჩვენება იძულებით მიღებული იყო, ის ოჯახის ლიკვიდაციის დაშინებით, ჩვენი შეურაცხყოფით მიგვაცემინეს.
ჩვენ მოგიგეთ! სამართალი ყოველთვის, ყველა შემთხვევაში მოიგებს. ეს თითოეული ჟურნალისტის, ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც ჩვენ ყოველდღიურად გვგულშემატკივრობდა. მათ ბრძოლა იყო გუშინდელი შედეგი. ეს მარტო ჩვენი გამარჯვება არ არის, ეს ქვეყნის გამარჯვებაა“, – განაცხადა აბდალაძემ.
ცნობისთვის, ფოტოგრაფები: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
2018 წელს მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლა მოითხოვა.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფოტორეპორტიორები იმიტომ დააკავეს, რომ მათ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები გადაიღეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და წარსულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები – გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები უდანაშაულოდ ცნო.
საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის „დემოკრატიის მამები“ საქართველოსთან მიმართებაში, ყველა სტანდარტს ცინიკური ფორმით...