IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოს თავდაცვის ძალები მსოფლიო ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ახალი ტექნიკით აღიჭურვება, –  ამის შესახებ ინფორმაციას  თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ სამხედროებს ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექნებათ. ამ ბრენდების სპეციალურ ტექნიკას იყენებენ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიისა და სხვა მრავალი ქვეყნის თავდაცვის ძალები.

საკითხზე დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა:

დღეს ჩვენ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას, რომლითაც, ახალი სტანდარტების დამკვიდრებისთვის მორიგი რეფორმის შესრულებას ვიწყებთ. რამდენიმე თვეში თავდაცვის ძალებს ექნება თანამედროვე, NATO-ს წევრი ქვეყნების სტანდარტის, მსოფლიო ბრენდების საუკეთესო სპეცტექნიკა“.

ახალი სპეცტექნიკის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თავდაცვის სამინისტროსა და შესაბამის პოზიციებში გამარჯვებული მომწოდებელი კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა.

ახალი პროექტის მიხედვით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეცტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების, გერმანული „მენ“ (MAN), იტალიური „ივეკო“ (IVECO) და ამერიკული „ფორდი“ (FORD) მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება. ჯამში, თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტ ერთეულ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას შეიძენს. აღნიშნული პროექტი ჯარის ავტოტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ სპეცტექნიკისთვის საჭირო ღირებულებას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის. ახალი სპეცტექნიკის შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტურობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა. ერთი და იმავე ბრენდის მწარმოებლის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფლობა კი, შემდგომ წლებში მნიშვნელოვნად გაამარტივებს სპეცტექნიკის მართვას და ტექნიკურ მომსახურებას. პროექტი რამდენიმე თვეში დასრულდება და შედეგად, კიდევ უფრო გაძლიერდება თავდაცვის ძალების სამხედრო შესაძლებლობები და ზოგადად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება