დიახაც, კეზერაშვილი ოლიგარქია და მან ეს აღიარა, რომ აფინანსებს ყველას და ყველაფერს საქართველოში

970X90

დიახაც, კეზერაშვილი ოლიგარქია და მან ეს აღიარა, რომ აფინანსებს ყველას და ყველაფერს საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ყველამ, განსაკუთრებით მაშინდელმა ოპოზიციამ კარგად იცოდა, ვინ იყო კეზერაშვილი, საიდან მოიხვეჭა მან ამხელა ფული, რა ბიზნესებს ფლობდა ის და როგორ იყო ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი მიხეილ სააკაშვილთან.

„წლების შემდეგ ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ შექმნილია ე.წ. ქოლცენტრების ქსელი, მათ შორის თბილისში, კიევში და ევროპის სხვა ქალაქებშიც, რომელსაც მართავს კეზერაშვილი, მისი ნდობით აღჭურვილი პირები. დაწყებულია გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გერმანელი და შვედი კოლეგების მომართვის საფუძველზე. გამოძიება დაწყებულია საპენსიო ასაკს მიღწეული ევროკავშირის მოქალაქეების საპენსიო ანგარიშების ძარცვის ფაქტზე ქოლცენტრების, ამ საშინელი, მახინჯი სქემის მეშვეობით. ჩატარდა რამდენიმე სპეცოპერაცია და თბილისში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვადასხვა ქალაქში და ამოღებულია უამრავი მტკიცებულება. მინდა გითხრათ, რომ გამოძიება მიმდინარეობს ჩვენთანაც და ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ საბოლოოდ ჩამოაყალიბა კეზერაშვილი სახე.

„სავარაუდოდ გამოჩნდება ახალი მტკიცებულებები, ახალი მამხილებელი მასალები, რაც უფრო ნათელს მოჰფენს კეზერაშვილის მონაწილეობას ამ მახინჯ სქემებში, რომლის საშუალებითაც უამრავი ადამიანის ანგარიშები იყო გაძარცული. ვფიქრობ, ამ ბოლო ჟურნალისტურმა გამოძიებამ საბოლოოდ ჩამოაყალიბა ამ ადამიანის სახე. აქაც და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც უკვე ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, როგორ მიაღწია მან ამხელა მწვერვალს, საიდან დააგროვა უშველებელი კაპიტალი“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

970X90
გაზიარება