IMG.GE IMG.GE

ანა დოლიძის დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მე აქამდე ვამბობდი, ხოლო მისი მხრიდან იმის მტკიცება, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა, იყო თვალთმაქცობა – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ანა დოლიძის გადაწყვეტილებას,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვების შესახებ.

„დადასტურდა, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიდა, რომ თითქოს არ ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობას და დადასტურდა, რომ ეს იყო კანონდარღვევა. ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, რაც ნიშნავს, რომ ის იძულებული ხდება აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში. მას მოუწევს, ალბათ, პარტიის დაფუძნება, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებდა მასთან დაკავშირებულ კითხვებს. ამიტომ იძულებული გახდა, წასულიყო. როდემდე უნდა მოეტყუებინა თუნდაც ალეკო ელისაშვილს, რომ მათი პლატფორმა პოლიტიკური კი არ იყო, არამედ იყო უბრალოდ მაგიდა სადისკუსიოდ. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს პრობლემები სასამართლოსთან დაკავშირებით. ამით არ სრულდება ბრძოლა სასამართლოს დამოუკიდებლობისთვს. რაც შეეხება ანა დოლიძის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ის იძულებული იყო წასულიყო საბჭოდან, რადგან მას, როგორც პოლიტიკოსს სხვა გამოსავალი არ დარჩა“, – აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საბჭო დატოვა.  მანამდე, 18 ივნისს მან, ალეკო ელისაშვილთან, ლევან კობერიძესთან  და ლევან იოსელიანთან ერთად  პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება