უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი საქართველოში ახალი რევოლუციური ტალღის აგორებას ემსახურება – ლევან მამალაძე სანქციებზე

970X90

“სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელ ლევან მამალაძის პოზიცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირების შესახებ.

რა მიზანს ემსახურება მოსამართლეებზე სანქციების დაწესება?!

“აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ხსენებულ მოსამართლეების მიმართ არაერთაზროვანი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში, რადგან სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის „გამპრავვებლად“ აღიქვებიან, მაგრამ მაშინ ამერიკა ქართულ მართლმსაჯულებას მაღალ შეფასებას აძლევდა, ვერ ამჩნევდა გირგვლიანის, მოლაშვილის და სხვების მოკვლა- წამების ფაქტებს, ბიზნესმენების გაძარცვას და პოლიტიკური ოპონენტების დევნას, ახლა კი კორუფცია დაინახეს! სააკაშვილის დროინდელი „უმწიკლო“ მოსამართლეები დღეს გახდნენ კორუმპირებულები?!
სამართლიან მიდგომას ჩვენ არ უნდა ველოდოთ , რადგან ყველაფერი პოლიტიკურ ინტერესთა ჭრილში წყდება.

ეს გადაჯაჭვული ინტერესებია მეხუთე კოლონისა და დასავლეთის, რომ საქართველო მორჩილ სათამაშოდ აქციონ. ინტელექტუალური და ინფორმაციული გაუნათლებლობა რომ არის, ამაზე ბევრჯერ თქმულა. გაირკვა , რომ სანქცირებული ვალერიან ცერცვაძე სასმართლოში 6 წელია არ მუშაობს, არც იუსტიციის საბჭოს წევრია და არც უვადო მოსამართლე.

აშშ-ის ელჩ დეგნანს, ინფორმატორმა NGO-მ მიაწოდა ეს მცდარი ინფორმაცია, რაც აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირის, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ენტონი ბლინკენის განცხადებაში მოხვდა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სანქციების შემოღებით მთლიანად მოსამართლეთა დაშინების პროცესი დაიწყო და შეცდომის გაპარვას ყურადღებას არავინ მიაქცევს!

მოსამართლეთა მიმართ სანქციების შემოღებას მეხუთე კოლონა და რადიკალური ჯგუფები კარგად გააპიარებენ. შეეცდებიან სხვა პირებზე გააგრძელებინონ სანქციები აშშ-ს, რასაც ხელისუფლების შესარყევად გამოიყენებენ.

კიევში საქართველოს საწინააღმდეგოდ შექმნილი ცენტრი აქტიურად მუშაობს, მოსამართლეთა მიმართ სანქციების შემოღება არახამიამ თავის ნამუშევრად გამოაცხადა და ახალ სიურპრიზებს დაჰპირდა საქართველოს! უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი საქართველოში ახალი რევოლუციური ტალღის აგორებას ემსახურება!
მშვიდობიანი საქართველოს დაცვა საზოგადოების მთავარ საზრუნავად უნდა ვაქციოთ!’- წერს ლევან მამალაძე.

970X90
გაზიარება