გირჩის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება – ხატია დეკანოიძე

293
წაკითხვა/ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით „გირჩის“ ინიციატივა არის უფრო საინფორმაციო სივრცის შესავსები თემა.

საუბარია იაგო ხვიჩიას განცხადებაზე, რომ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით „გირჩი“ იმავე სულისკვეთების კანონპროექტებს ამზადებს, როგორიც არის ამნისტიის კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით.

როგორც დეკანოიძემ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, „გირჩის“ წევრების გულწრფელობაში ეჭვი ეპარება.

„ამ ინიციატივას არ ვიცნობ. ცოტა არ იყოს, მათ გულწრფელობაშიც ეჭვი მეპარება. ვფიქრობ, ეს უფრო საინფორმაციო სივრცის შესავსები თემაა. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, 20 ივნისის დარბევა ადამიანების, რომელიც იყო ოკუპანტის წინააღმდეგ მიმართული აქცია, ეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელია.

სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება, რა თქმა უნდა, ტრაგიკულია, მაგრამ 20 ივნისს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და ამ დღის გადაწერა საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მძიმე იქნება. ახლა მთავარია, ორიენტირი ავიღოთ იმაზე, რომ ეს ამნისტია მიღებული არ იყოს იმ კონფიგურაციით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაარეგისტრირა. მეტსაც გეტყვით, ჩემთვის პიროვნულად, მათ შორის ოპოზიციის კანონპროექტი გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს, რადგან იმავე 333-ე მუხლის მესამე ნაწილი საკმაოდ მძიმე იქნება სწორედ იმ სამართალდამცველების ამნისტირებისთვის, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და შესაძლოა, მომავალში საქმე აღიძრას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების პარლამენტში შეტანას „გირჩი“ ორშაბათს, 24 მაისს გეგმავს.

კომენტარები
მოწონება