IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

იმ აბიტურიენტის მიმართ, რომელსაც სურს, 2020 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხოს სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მოიხსნება ამავე დაწესებულებების მიერ შესაბამისი კონკურსის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გავლის პირობა.

შესაბამისი ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები გენადი მარგველაშვილი და ალექსანდრე ქანთარია არიან.

„ზემოხსენებული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაწესებული შეზღუდვების შედეგად, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეფერხდა კანონით გათვალისწინებული კონკურსების ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე მომზადებისა და ჩატარების პროცედურები“, – აღნიშნულია პროექტში.

ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. ინიციატორები პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE