პროკურატურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს

970X90

საქართველოს პროკურატურის განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თაობაზე

“2023 წლის 23 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საქმეზე – „ფირცხალავა და ცააძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ ე.წ კორტების სპეცოპერაციას, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობით დასრულდა, ხოლო ავტომანქანაში მყოფმა კიდევ ერთმა პირმა მძიმე დაზიანებები მიიღო. აღნიშნულ სპეცოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი 50-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა, რომლებმაც ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ ასზე მეტი გასროლა განახორციელეს.

მომხდარ ფაქტზე, 2012 წლის დეკემბერში საქართველოს პროკურატურის მიერ, განახლებული გამოძიების ფარგლებში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი ყოფილი თანამშრომელი გასამართლდა, მათ შორის არიან შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და ამავე დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე – გიორგი ცააძე.

კერძოდ:

2015 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით, დამანაშავედ იქნა ცნობილი გიორგი ცააძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე და მასაც საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მომჩივნები ევროპული სასამართლოს წინაშე ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) ფარგლებში დაობდნენ რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნებოდა მხოლოდ სპეციალური ძალების წარმომადგენლების არასანდო და უკანონოდ მოპოვებულ ჩვენებებს.
მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ დაუშვებელი მტკიცებულებების გაზიარებით და ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ეროვნულმა სასამართლოებმა დაარღვიეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

ირაკლი ფირცხალავა კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში, ასევე დაობდა დაცვის მხარის მოწმეების სასამართლოში გამოცხადებისა და მათი დაკითხვის შეუძლებლობის საკითხებზე.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებები მომჩივნების წინააღმდეგ, მათ შორის სპეციალური ძალების წარმომადგენელი 7 მოწმის ჩვენება, გამოკვლეული იქნა საჯარო სასამართლო სხდომაზე, მომჩივნების და მათი წარმომადგენლების თანდასწრებით, რომელთაც ჰქონდათ შეუზღუდავი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ მათ დაკითხვაში. ასევე, დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა სასამართლოში წარედგინათ საკუთარი პოზიციები და რელევანტური მტკიცებულებები.

სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ პროკურატურის მოწმეების სადავო ჩვენებები არ წარმოადგენდა მომჩივანთა მსჯავრდებისთვის ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას, საქმეში სახეზე იყო მტკიცებულებათა კომპლექსური ერთობლიობა, მათ შორის დამოუკიდებელი თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, რომელსაც დაეყრდნო ეროვნული სასამართლოების განაჩენი.”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

970X90
გაზიარება