მოსახლეობა დაიღალა „ნაცმოძრაობის“ მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით, ამ გაუგებარ ადამიანებზე დროს ვერ დავკარგავთ, საქმე უნდა გავაკეთოთ – ირაკლი ღარიბაშვილი

199
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

მოსახლეობა დაიღალა „ნაცმოძრაობის“ მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით, ამ გაუგებარ ადამიანებზე დროს ვერ დავკარგავთ, ჩვენ საქმე უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არასოდეს ყოფილან პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსები, ნიკა მელიას და სხვებს კი ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ.

„ძალიან წვალობენ, მელია და სხვებიც, ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ, შეიძლება ასე ითქვას. მძიმე მდგომარეობაში არიან. მესმის პირადად მისიც, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელმაც იკადრა უკადრებელი, თავისი ჭკუით სახელმწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე, თქვა, რომ არც გადაიხდიდა გირაოს და ვერც დაიჭერდნენ. დავიჭირეთ კიდევაც და გირაოც ძალიან კარგად გადაიხადეს, მიიღო კიდევაც გირაო.

ახლა ამბობს, ბაქიბუქობდა ტყუილად, რომ პარლამენტში არ შევიდოდა, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით შიგნიდან, რომ მას ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა. თუ არ უნდა შესვლა, მაშინ არ შევიდეს, დაამტკიცოს როგორი პრინციპული ადამიანია, მანაც და ნაცმოძრაობის სხვა ლიდერებმაც. მეტი კომენტარი რა შეიძლება გავაკეთო მოვლენების ამ უპასუხისმგებლო განვითარებაზე, მათ განცხადებებზე და ქმედებებზე. ერთი რამ მინდა რომ ვთქვა: ჩვენი მოსახლეობა დაიღალა მათი მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით. ამ გაუგებარ ადამიანებზე დროს ვერ დავკარგავთ. ჩვენ საქმე უნდა გავაკეთოთ. ივლისიდან ყველა მუნიციპალიტეტში დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ახლა ჩვენ ძალიან დიდ პაკეტზე ვმუშაობთ, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებისთვის იქნება წარმოდგენილი. ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან გეგმებზე თითოეული რეგიონის მიმართულებით, როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება, როგორ შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, ტურიზმი და ა.შ. აი, ეს არის რეალურად ის საკითხები, რომელიც მე და ჩვენს მოსახლეობას გვაწუხებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება