IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ორგანიზებით ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) 29-ე ყოველწლიური კონფერენცია იხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კონფერენცია 9-10 სექტემბერს, COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიის გათვალისწინებით, ონლაინ ფორმატში ტარდება და მასში მონაწილეობას 26 საარჩევნო ადმინისტრაციის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების 120-ზე მეტი წარმომადგენელი და ექსპერტი იღებს.

კონფერენციას „არჩევნები და კომუნიკაციები – საარჩევნო ადმინისტრაციების როლი ეფექტური კომუნიკაციის წარმართვასა და ხელშეწყობაში“ ცესკოს თავმჯდომარე, ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის პრეზიდენტი თამარ ჟვანია და გენერალური მდივანი ჟოლტ ჟოლნოკი გახსნიან.

ცესკო-ს ინფორმაციით, ყოველწლიური კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა „ინფორმაციის გავრცელება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ – კომუნიკაცია სახელმწიფო ორგანოებთან და ჩართულ მხარეებთან“, „დეზინფორმაციასთან დაკავშირებული გამოწვევები არჩევნების დროს“, „პანდემიის დროს ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება“, „როგორ შევინარჩუნოთ ნდობა არჩევნებისადმი ამომრჩევლებთან ურთიერთობის კუთხით“ და სხვა.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია კონფერენციაზე პრეზენტაციას წარადგენს თემაზე -„არჩევნები და კომუნიკაციები – საარჩევნო ადმინისტრაციების როლი ეფექტური კომუნიკაციის წარმართვასა და ხელშეწყობაში“ და დეტალურად განიხილავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომუნიკაციის სტრატეგიას.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ 8 სექტემბერს ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს და გენერალური ასამბლეის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე, ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის პრეზიდენტი თამარ ჟვანია ხელმძღვანელობდა.

მათივე ცნობით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის პრეზიდენტი ერთი წლის ვადით, 2019 წელს გახდა. ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია 1991 წელს დაარსდა, რომელიც 25 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციას აერთიანებს და მიზნად ისახავს ინსტიტუციონალიზმისა და პროფესიონალიზმის გაძლიერებით ხელი შეუწყოს დემოკრატიული პროცესების განვითარებას საერთაშორისო დონეზე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება