IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

20 ივნისმა ისე ჩაიარა, როგორც ოპოზიციის ბოლო პერიოდის მიტინგებმა, ბევრი უაზრო და მყვირალა დაპირებებით, ბაქი-ბუქით და აქციაზე ხალხის სიმცირით. ამ ე.წ. გავრილოვის სტუმრობის წლისთავზე, გამართულმა თავყრილობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ოპოზიციური სპექტრის სრული არაადექვატურობა, იდეათა სიმცირე და რაც მთავარია ჩარჩენა წარსულში, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. მის ვრცელ პოსტში ვკითხულობთ, რომ ოპოზიციას სურდა “ქართული ოცნება” “ემხილებინა” ღალატში და პრორუსულ ორიენტაციაში, რაც დიდი ძალისხმევის მიუხედავად, არ გამოუვიდათ. ექსპერტი ვარაუდობს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, გარკვეული ოპოზიციური ძალების “ერა დასრულდება”.

მთლიანად ჩავარდა ოპოზიციური პოლიტ მარკეტინგი, რაც აგებული იყო “რუსეთუმე” და მოღალატე “ქართული ოცნების” მხილებაზე, რაც უნდა გამხდარიყო მძლავრი წინასაარჩევნო სლოგანი და მათივე გათვლებით ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის დასაწყისად უნდა ქცეულიყო.

არ იმუშავა დასავლურმა ფაქტორმა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცადა ამ დღისათვის შესაფერისო პოლიტიკური ფონის შექმნას, ცალკეული კოგრესმენების წერილით თუ ყოფილი ევროპელი და ამერიკელი ჩინოვნიკების მხარდაჭერით, ქართული ოცნების რუსეთუმეობაზე თუ ივანიშვილის პუტინის მოკავშირეობაზე.

ოპოზიციურად წოდებული შალიკოს ფანჩატური რომ ვერაფერს ლოგიკურს და მით უმეტეს კრეატიულს ვერ დადებდა, ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო. გადახერდეთ ამ ერთობაში გაწევრიანებული ადამიანების ბიოგრაფიებს და ყველაფერი ცხადი გახდება. ამ ტიპის პოლიტიკური აჯაფსანდალი, სადაც გაერთიანება მოხდა ყველა ერთის წინააღმდეგ, არის წმინდა რევოლუციური გეგმა, რომელიც ქართულ საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს. ეს არც 2003 წელია, მით უმეტეს და არც ქართული ოცნებაა, მიუხედავად თავისი შეცდომებისა, შევარდნაძის მორღვეული ხელისუფლება.

დღეს ქართული საზოგადოება და მთლიანად საქართველოს ელექტორატი, პოლიტიკურადაც გაზრდილია, თუნდაც ძველი გამოცდილებებიდან გამომდინარე, და რაც მთავარია გაზრდილია მოთხოვნებიც პოლიტიკური სპექტრის მიმართ. ცარიელი მყვირალა და ემოციადაცლილი ლოზუნგები არავის არ აინტერესებს, პოსკრიზისულ პერიოდში მით უმეტეს. ადამიანებს უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენა სჭირდებათ და არა გაურკვეველი მომავლის.

ოპოზიციის სრული გაბანკროტება, გარდა მხოლოდ რუსეთუმეობაზე და მოღალატეობრივ ნარატივზე აგებული წარუმატებელი სტრატეგიისა, თავად სტრატეგიის სიბეცემაც განაპირობა.

8 მარტის შეთანხმების საკუთარმა იდეა ფიქსად ქცეულმა ინტერპრეტაციებმა და საგარეო ფაქტორის, პოლიტიკურ იარაღად გამოყენების ხელების გადაგრეხის ტაქტიკამ და მერე საკუთარი პრინციპების უკანვე წაღებამ და ამ ფაქტორით ვაჭრობამ საპირისპირო ეფექტი გამოიწვია. რურუას პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცელობაზე არც ღირს საუბარი.

დღეს არც იმის სჯერა ვინმეს, რომ ხელისუფლება რომელიც მთლიანად არის ინტეგრირებული ევროპულ სტრუქტურებთან და სტრატეგიულ მოკავშირედ ამერიკის შეერთებული შტატები ყავს არჩეული, საერთაშორისო ინსტიტუტების ფინანსურ მხარდაჭერაზე აღარ ვსაუბრობ, საგარეო ვექტორს იცვლიდეს და რატომღაც კრემლის სატელიტი იყოს!

ეს არჩევნები საინტერესო იმითაც იქნება, რომ დიდი ალბათობით დასრულდება ამ პოლიტიკური მამონტების ერაც ქართულ პოლიტიკაში!

ამით დასრულდება პოლიტიკური პროვინციალიზმის ბოლო 30 წლიანი ეპოქაც და სხვის “ფანდურზე ბუქნაობაც”, გარედან დახმარებით პოლიტიკაში ლივლივიც და ისიც საკუთარი ამომრჩევლის ხარჯზე! პოლიტიკაში ახალი თაობის და ახალი იდეოლოგიური პლათფორმების შემოსვლა გარდაუვალია! იცვლება თავად მსოფლიო პოლიტიკური არქიტექტურაც, ნეო ლიბერალური დიქტატიდან კონსერვატივიზმისაკენ!”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება