თბილისში, ფურცელაძის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა

238
წაკითხვა/ნახვა
mpn

თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ფურცელაძის N16–ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაასრულა. განხორციელებული სამუშაოების შედეგს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, არა მარტო შენობა რეაბილიტირდა, არამედ გარემონტდა საცხოვრებელი ფართებიც.

„ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც იყო ავარიულ მდგომარეობაში, ფაქტობრივად, დანგრეული. რეაბილიტაციის დროს ჩამოინგრა, ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო. რეაბილიტაციის შედეგად შენობა მთლიანად განახლდა, აღდგა ჩამონგრეული ნაწილიც. ამ პროექტის ფარგლებში, არა მარტო რეაბილიტირებული შენობა, არამედ გარემონტებული ბინები დაუბრუნდა იქ მცხოვრებლებს. ოთხი ოჯახი უკვე შესახლებულია და ცხოვრობს. ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა. ზოგადად, ორბელიანის მოედანი განახლებული და მოწესრიგებულია, ახლა ამ ყველაფერს ჭირდება მოვლა-პატრონობა. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ პროგრამის ფარგლებში ძველ თბილისში სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მომდევნო წლებში საკმაოდ საინტერესო პროექტების განხორციელება იგეგმება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის წესების დაცვით, ავარიული შენობის ორივე ბლოკი დაიშალა და ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა. შეიცვალა სახურავი, გამოიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელი, წყალარინების, წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების და გაზმომარაგების სისტემა, მოეწყო ახალი კარ–ფანჯარა.

ისტორიული შენობის ფასადის ერთი ნაწილი შენარჩუნდა და აღდგა პირვანდელი სახით, ასევე, განხორციელდა შიდა ფართების სარემონტო, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

დედაქალაქის მერთან ერთად ფურცელაძის N16-ში იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ლევან ჯღარკავა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ზურაბ აბაშიძე.

კომენტარები
mpn
მოწონება