პროკურორი – ჩვენ მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დასტურდება, რომ „რუსთავი 2″-ის ქონებრივი უფლება გაიფლანგა, სწორედ ეს ბრალი აქვთ წარდგენილი როგორც ნიკა გვარამიას, ასევე კახაბერ დამენიას

517
წაკითხვა/ნახვა
mpn

ჩვენ მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დასტურდება, რომ “რუსთავი 2”-ის ქონებრივი უფლება გაიფლანგა, სწორედ ეს ბრალი აქვთ წარდგენილი როგორც ნიკა გვარამიას, ასევე კახაბერ დამენიას. დარწმუნებულები ვართ, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს, – ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პროკურორის განმარტებით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ “რუსთავი 2-ის” დირექტორი პაატა სალია დაკითხა, რომლის განცხადებაც გამოძიებას საფუძვლად დაედო.

„დღევანდელი სასამართლო პროცესი გაგრძელდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით, დღეს მოწმის სახით წარმოვადგინეთ პაატა სალია. დაცვის მხარე არ აღმოჩნდა მზად მოწმისთვის კითხვების დასასმელად და მოითხოვეს პროცესის გადადება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პაატა სალიამ განცხადებით მიმართა პროკურატურას, სადაც მიუთითებდა, რომ ადგილი ჰქონდა “რუსთავი 2”-ის კუთვნილი თანხების გაფლანგვას. მისი ეს განცხადება საფუძვლად დაედო საქმის შემდგომ გამოძიებას.

პაატა სალიას განცხადებით, როდესაც ის ტელევიზიაში მივიდა, ფინანსური მდგომარეობა იყო სავალალო. ჩვენ მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დასტურდება, რომ “რუსთავი 2”-ის ქონებრივი უფლება ნამდვილად გაიფლანგა, სწორედ ეს ბრალი აქვთ წარდგენილი როგორც ნიკა გვარამიას, ასევე კახაბერ დამენიას. დარწმუნებულები ვართ, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს. მომდევნო პროცესზე ჩვენ ვასრულებთ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას და გადავდივართ დაცვის მხარის მტკიცებულებებზე”, – აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

თავის მხრივ, ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ პაატა სალიას მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ შეიძლება წარმოადგენდეს ბრალდების მხარის გამამყარებელ მტკიცებულებას და მისი დაკითხვითაც დემონსტრირდება, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეს არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

“პაატა სალიამ ზოგადად ისაუბრა კომპანიაში არსებულ მდგომარეობაზე. მომდევნო სასამართლო სხდომაზე ჩვენც დავკითხავთ და დავუსვამთ შეკითხვებს. დარწმუნებული ვართ, სალიას დაკითხვიდანაც დემონსტრირდება, რომ არანაირი საფუძველი ამ სისხლის სამართლის საქმეს არ გააჩნია და მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის გამო არის ბრალდება წარდგენილი გვარამიასთვის”, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

კომენტარები
mpn
მოწონება