IMG.GE IMG.GE

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მომავალში, რომ არ განმეორდეს ასეთი რამ და ამისათვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, საზოგადოებამ სათანადოდ გასცეს პასუხი და შეფასებები მისცეს იმ პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც დაინტერესებული არიან არეულობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ  20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, გუშინდელმა აქციამ დაგვანახა, რომ ხელისუფლება განუხრელად იცავს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას, როდესაც ის მშვიდობიანია.

„20 ივნისი იყო დღე, რომელიც დაიწყო მშვიდობიანი პროტესტით და შემდგომში, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ჩარევით დასრულდა შეტევით საქართველოს პარლამენტზე. არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო და მისი საზოგადოება არ მოითმენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე და პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას. რასაკვირველია, საქართველოშიც ამაზე ხელისუფლებას ჰქონდა რეაგირება.

რაც შეეხება დაშავებულ მოქალაქეებს, დღესაც, ერთი წლის შემდეგ, ძალიან ვწუხვარ ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც ამ ძალადობრივი ეპიზოდის დროს მიიღო დაზიანება. ესენი არიან მანიფესტანტები, ესენი არიან ჟურნალისტები და ესენი არიან პოლიციელები, რომლებსაც ასევე მიადგათ სერიოზული დაზიანებები. აქედან ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და გაკვეთილები – პირველი დასკვნა არის ის, რომ საქართველოში დღეს შეუძლებელია არჩევნების გარდა რაიმე გზით ცვლილებების მიღწევა, დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას, ნებისმიერ ძალადობას და არევის მცდელობას, ხელისუფლება დაუპირისპირებს ლეგიტიმურ რეაგირებას, ეს ერთი. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი – გუშინდელმა 20-მა ივნისმა, უკვე ერთი წლის შემდეგ დაგვანახა, რომ ჩვენი ხელისუფლება, განუხრელად იცავს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას, როდესაც ის მშვიდობიანია.

გუშინ ვნახეთ, ჩატარდა მშვიდობიანი აქცია. ამაზე ბევრად დიდი პოლიტიკური აქციებიც ახსოვს ბოლო რვა წლის განმავლობაში საზოგადოებას, სადაც, როდესაც მშვიდობიანი იყო აქციები, უფლებები იყო დაცული განუხრელად. რაც შეეხება დაშავებას და ძალის შესაძლო გადამეტებას, სამწუხაროდ, როდესაც სპეციალური საშუალებების გამოყენება ხდება, აპრიორი ამ საშუალებების ინსტრუქციაში უკვე წერია, რომ ამას შესაძლოა, მოყვეს მოქალაქეების დაშავება. სამწუხაროდ, ზუსტად ამაზე იყო ორიენტირებული ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი. მათ აღიარეს კიდეც სატელევიზიო ეთერებით, რომ ყველაფერი გააკეთეს, რათა ხელისუფლება იძულებული ყოფილიყო გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. შეგახსენებთ ოქრუაშვილის განცხადებასაც. ცალკეულ შემთხვევებში სავარაუდოდ, არის გადამეტების ფაქტი. ამაზე არის გამოძიება დაწყებული, პასუხისგებაში არიან მიცემული პირები. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მომავალში, რომ არ განმეორდეს ასეთი რამ და ამისათვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, საზოგადოებამ სათანადოდ გასცეს პასუხი და შეფასებები მისცეს იმ პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც დაინტერესებული არიან არეულობაში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება