ალეკო ელისაშვილი – სააკაშვილმა დღეს ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, დანაშაულების გამო გულწრფელი ბოდიში მოეხადა, ჩემთვის ყველაზე შემზარავი მოსასმენი იყო, გირგვლიანის საქმე არ არსებობსო

183
წაკითხვა/ნახვა
mpn

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პირველ რიგში, ძალიან კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილს თავისივე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მიეცა.

„მანამდე ძალიან ხელაღებით შელახეს მისი უფლება. თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოგვწონს, არ მოგვწონს, გვიყვარს, გვძულს, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან კანონში და კონსტიტუციაში არანაირი დათქმები არ არის, რომ იმაზე გავრცელდეს, ამაზე არ გავრცელდეს კანონი. უნდა მივეჩვიოთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლებები და არც ერთი ადამიანის უფლება არ უნდა შეილახოს. სააკაშვილს თავიდან საკუთარ სხდომაზე დასწრების უფლება რომ არ მისცეს, ეს იყო ძალიან დიდი აღვირახსნილობა. ძალიან კარგია, რომ გამოსწორდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა განმარტა, რატომ არ მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად.

„რატომ არ მივიჩნევ მას პოლიტპატიმრად, თვითონ კი იძახის, რომ გადაცდომები იყოო და დანაშაული არ ჩამიდენიაო, მაგრამ ამას მერე დავუბრუნდეთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ ფაქტია, რომ მან უკანონოდ გადმოლახა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. უკრაინაში სადღაც არაჟნიან ყუთებში ჩაჯდა, კონტეინერებში, ბორანზე და შემოვიდა უკანონოდ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს დანაშაული არ არის? რომელიღაც ქვეყანაში რომ შეიპარები, სასაზღვრო კონტროლს არ გაივლი, უკანონოდ გადაკვეთ საზღვარს, მარტო ეს დანაშაული არ არის?“, – აღნშნა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

ალეკო ელისაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, ადამიანური სინანული გამოევლინა და ჩადენილი დანაშაულების გამო, გულწრფელი ბოდიში მოეხადა.

„მიმაჩნია, რომ მან დღეს ხელიდან გაუშვა უზარმაზარი შესაძლებლობა, ადამიანური სინანული გამოევლინა და გულწრფელი ბოდიში მოეხადა იმ დანაშაულობების გამო, რაც აქვს ჩადენილი. დღეს ჩემთვის ყველაზე შემზარავი მოსასმენი იყო, რომ გირგვლიანის საქმე ასეთი არ არსებობსო. ამას შემდეგ ჟურნალისტებმა პიარულად დაარქვესო. ახალგაზრდა ბიჭი წაიყვანეს, აწამეს, მოკლეს, უსამართლობისთვის ბრძოლას ისე შეეწირა ცხონებული ირინა ენუქიძე, რომ სამართალი ვერ იპოვა, გააწამეს და გააძაღლეს. შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, გაოგნებული ვართო, როგორ ორგანიზებულად აყალბებდნენ ამ მკვლელობის მტკიცებულებებსო. ეს ხომ სტრასბურგის სასამართლომ თქვა და პრეზიდენტი საქმის კურსში არ იყო? ხელს როგორ აფარებდნენ, მტკიცებულებებს როგორ აყალბებდნენ. სტრასბურგის საამართლომ ამას გირგვლიანის საქმე არ დაარქვა? აღშფოთება არ გამოთქვა? ამ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, არ გვახსოვს?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები
mpn
მოწონება