ევროვიზიაზე რომელ მომღერალს რა ვარცხნილობა ჰქონოდა, იმის საქმის კურსში იყო სააკაშვილი და არ იცოდა, 7 ნოემბერს რომ ხალხს თავ-პირს ამტვრევდნენ, ბოლოს კი ტელევიზიაში შევარდნენ?

321
წაკითხვა/ნახვა
mpn

ტელეკომპანია „იმედში“ რომ შევარდნენ, დალეწეს იქაურობა, მაუწყებლობა გათიშეს, თავპირი დაამტვრიეს ჟურნალისტებს, ეს მე მახსოვს მარტო, ჩემი ცუდი სიზმარია? ეს გადაცდომაა? ევროვიზიაზე რომელ მომღერალს რა ვარცხნილობა უნდა ჰქონოდა, იმის საქმის კურსში იყო და ის არ იცოდა, მთელი დღე რომ ხალხს თავ-პირს ამტვრევდნენ, ბოლოს ტელევიზიაში რომ შევარდნენ?, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომელმაც 7 ნოემბრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

ელისაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბერთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს შეაწმინდა ხელი.

„როგორ გააბაიბურა 7 ნოემბერი. ძალიან მძიმე ცოდვად კიდია ამ ხელისუფლების კისერზე როგორც 20 ივნისი, ასევე 5-6 ივნისის დარბევა, მაგრამ დღეს სააკაშვილმა ტოლობის ნიშანი დასვა, რაც ჩვენ გავაკეთეთ 7 ნოემბერს, ამათმა 20 ივნისს გააკეთესო. ბოდიში, მაგრამ ტელეკომპანია „იმედში“ რომ შევარდნენ, რომ დალეწეს იქაურობა, მაუწყებლობა რომ გათიშეს, თავპირი რომ დაამტვრიეს ჟურნალსტებს, ეს მე მახსოვს მარტო, ცუდი სიზმარია ჩემი? ეს გადაცდომაა?

მე ამას ტელევიზორიდან ვადევნებდი თვალყურსო, ხელი შეაწმინდა ვანო მერაბიშვილს. ეს იმ ოპერიდან არის, მეგის ქარდავას რომ არ იცნობს, ახალაიებს სულ ორჯერ ვარ შეხვედრილიო, ახლა ვანო მერაბიშვილზე შეიწმინდა ხელი, მე რავიცი, ის წარმართავდა ყველაფერსო. ევროვიზიაზე რომელ მომღერალს რა ვარცხნილობა უნდა ჰქონოდა, იმის საქმის კურსში იყო, თვითონ ყვებოდა ხოლმე ამ რაღაცებს და ის არ იცოდა, მთელი დღე რომ ხალხს თავ-პირს ამტვრევდნენ, ბოლოს ტელევიზიაში რომ შევარდნენ? უფრო მეტიც, იმ ღამეს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გამოიყვანეს, რაც არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა. ამოსაცნობი და სანომრე ნიშნები მოხსნეს მანქანებს, ჯარისკაცებსაც, ოფიცრებსაც და ჯარი გამოიყვანეს ქუჩებში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილმა ვალერი გელაშვილის საქმეზეც ისაუბრა. ელისაშვილის შეფასებით, ტყუილია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსში არ იყო.

„კიდევ ერთი, ვალერი გელაშვილზე თქვა, იმან თქვა, ამან თქვაო, ვალერი გელაშვილს ჯერ სახლი წაართვეს, ავლაბრის რეზიდენციასთან რომ შენობაა, შემდეგ სიკვდილამდე სცემეს საქართველოს პარლამენტის მოქმედ დეპუტატს, დღისით, მზისით სპეცრაზმელებმა დაუმტვრიეს თავ-პირი, შემდეგ სხდომა მოიწვიეს, ნაცემ დეპუტატს იმუნიტეტი და მანდატი შეუჩერეს. ვიღაცას უყვარს ვალერი გელაშვილი, ვიღაცას არ უყვარს, რა მნიშვნელობა აქვს, დღეს რომ იგივე მომხდარიყო, წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა? ამის საქმის კურსში პრეზიდენტი არ იყო? ასეთ რაღაცებს რომ ყვება სააკაშვილი, ვის ატყუებს, არ ვიცი. უხერხულია, დღეს მას ჰქონდა შესაძლებლობა, ძალიან ადამიანურად გული აეჩუყებინა ყველასთვის, სინანული და გულწრფელი ბოდიში არის ღირსების გამოვლინება.

სააკაშვილმა დღეს ისიც თქვა, შეცდომა იყო ჩემიო, დანაშაული კიარა, სააკაშვილს წამოეწია თავისი ცოდვები. პირველ რიგში, მან ყველაზე დიდი დანაშაული ჩაიდინა, რომ მურუსიძეების სასამართლო შექმნა და ჩინჩალაძეები, ეს ხალხი თვითონ არ მოიყვანა? ეს სასამართლო თვითონ არ შექმნა? შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, სამ წინადადებიანი საბრალდებო დასკვნები და განაჩენები მაქვს წაკითხული. „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ სააკაშვილის მიერ მოყვანილ მურუსიძე-ჩინჩალაძეებს თავზე ხელი გადაუსვა და უვადო მოსამართლეებად გაამწესა. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული სააკაშვილისაც ქათული სახელმწიფოს წინაშე და „ქართული ოცნებისაც“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად არ მიაჩნია და ის უნდა წარმსდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე.

„მაგრამ უკეთესი იქნებოდა, რომ ნორმალური მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარიყო, თუმცა, მას აქვს უფლება, სტრასბურგში გაასაჩივროს. რამდენადაც ვიცი, რაღაც ნაწილი გასაჩივრებული აქვს და იმაში მაინც არ გვეპარება ეჭვი, რომ სტრასბურგში ნორმალურ გადაწყვეტილებებს გამოიტანენ. პოლიტიკურ პატიმრად არ მიმაჩნია და ეს სიგნალი „ქართული ოცნებისთვისაცაა“, რადგან „ქართულ ოცნებას“ უნდა არ უნდა, ადრე თუ გვიან, ბატონი ფარცხალაძეც იქნება ისეთ მდგომარეობაში. ხელისუფლებაში ყოფნა არ არის ინდულგენცია, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, სააკაშვილი წარმოიდგენდა, რომ ციხეში ჩაჯდებოდა? წამოეწია ცოდვა მადლის ურემი და „ქართულ ოცნებასაც“ წამოეწევა, ყველასთვის სიგნალია. ვისურვებდი, რომ ნორმალურ სასამართლოში გასამართლდეს. სააკაშვილმა დღეს ადამიანურად და პოლიტიკურადაც ხელიდან გაუშვა დიდი შესაძლებლობა, რომ გულწრფელი სინანული დაგვენახა, მართლა ბოდიში მოეხადა იმისთვის, რაც გაუკეთა გირგვლიანის ოჯახს, ვალერი გელაშვილისთვისაც ადამიანურად მოეხადა ბოდიში. ვალერი გელაშვილი ძველი მოჭიდავე რომ არ ყოფილიყო, ვერავინ გაუძლებდა იმ კონდახებით ისე ცემას, როგორც ის სცემეს. და 300 000-მა ადამიანმა გაიარა ციხე, ჯოჯოხეთურ პირობებში სააკაშვილის დროს, ამ ადამიანებისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ბოდიში მოეხადა. პრობლემა იმაშია, რომ არ აწუხებს სააკაშვილს, არც გირგვლიანის ამბავი აწუხებს, არც „იმედის“ დარბევა, არც 7 ნოემბერი, არაფერი არ აწუხებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

გარდა ამისა, ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს შეკრების უფლება, თუმცა ქუჩის გადაკეტვები არ მოეწონა.

„ქუჩის გადაკეტვები და რაღაცები არ მომეწონა. ნებისმიერ ადამიანს აქვს შეკრების უფლება, მაგრამ ეს ჯაჯგური და ქუჩის გადაკეტვები…ჩემი აზრით, ამით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი დაიზიანა. დღეს ამერიკის ელჩიც აფრთხილებდა, იქნება, ცოტა კორექტულად მოიქცეთო. შეიძლება, შეიკრიბო, სკანდირებდე მიშა მიშას და თავისუფლება მიშას, მაგრამ სასამართლოში შევარდნის სურვილს და ჟინს ჰგავდა ეს ყველაფერი, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იყო ცუდი. რაც შეეხება თავისუფლება მიშას, უბრალოდ რას ნიშნავს გამაგებინეთ, რა. შეწყალების კომისიაში რომ ვიყავი, არც ერთი  პატიმარი არ მინახავს ან რომელიმე პატიმრის ოჯახის წევრი, რომელიც იტყოდა, ჩემი ოჯახის წევრი დამნაშავეა ან თვითონ იტყოდა, რომ დამნაშავე ვარო. ყველა ამბობდა, რაღაცა პატარა შემეშალა, მაგრამ ტყულ უბრალოდ მაქვს მისჯილიო. მე ვისურვებდი, ოდესმე ვილაპარაკოთ რეალურ, ამ ქვეყნის პრობლემებზე, გაჭირვებაზე, უბედურებაზე, გარბის ხალხი ამ ქვეყნიდდან, ამაზე უნდა ვლაპარაკობდეთ დღე და ღამე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები
mpn
მოწონება