IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ამირან გამყრელიძის თქმით, შემოდგომაზე ქვეყანას დიდი გამოწვევა ელის, რადგან გრიპისა და კორონავირუსის ზედდება მოხდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ჯანდაცვის სისტემა ამ პერიოდისთვის აქტიურად ემზადება.

„ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იქნება შემოდგომაზე. განსაკუთრებით ცივი პერიოდი საქართველოში ოქტომბრის შემდეგ, სადღაც ნოემბერში დგება. ჩვენთან გრიპის ვირუსის ცირკულაციის პირველი ნიშნები იწყება ოქტომბრის ბოლოს, უფრო ხშირად მაინც ნოემბრის შუა რიცხვებში და განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შედის ნოემბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში. დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ზედამხედველობის სპეციალური სისტემა, რომლითაც ჩვენ ვაკონტროლებთ, თუ რა რესპირაციული ვირუსები ცირკულირებენ ქვეყანაში და მუდმივად, ოქტომბრის ბოლოდან ჩვენს ვებგვერდზე ნახავთ ხოლმე, რომელი ვირუსია – ეი, ბი, ვთქვათ, რინოვირუსიადენოვირუსი, სხვადასხვა კორონავირუსები, ახალი კორონავირუსიც დაემატება, შესაბამისად, წელს ვზრდით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შექმნეს ახალი დოკუმენტი, რომელსაც საზოგადოებას მალე წარუდგენენ. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ COVID-19-ის და გრიპის კლინიკური გარჩევა რთულია.

„იცით, რომ ეს ორივე დაავადება კლინიკურად ძალიან რთული გასარჩევია, თუმცა შეიძლება, არის მათი გარჩევის ნიშნები, მაგრამ ძირითადი გარჩევა ხდება ლაბორატორიულად. იქ დგინდება გრიპის ვირუსი, აქ დგინდება ახალი კორონავირუსი. ორივე დგინდება PCR – ტექნოლოგიით“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მან ასევე გრიპის ვაქცინების მარაგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ პრეპარატის 135 ათასი დოზა უკვე შეიძინა.

„სამწუხაროდ, ე.წ. დასავლური წარმოების ვაქცინების ძალიან დიდი დეფიციტია მსოფლიოში. შარშან გვქონდა 100 000, წელს 135 000 ვიყიდეთ. ახლა კიდევ დამატებით 100 000 ყიდვის მცდელობა გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი დეფიციატია, მხოლოდ შეპირებებია, მაგრამ ვცდილობთ კიდევ დამატებით 100 000-ის სხვადასხვა ბაზარზე მოპოვებას. ჩვენთან გრიპის აცრაზე კულტურა საკმაოდ გაიზარდა, 2015-ში ავცერით 5 000, 2016-ში 10 000, მერე 20 000, 40 000 და შარშან 100 000 ადამიანი ავცერით. ეს სახელმწიფოს შესყიდული, თორემ ისე კერძო სექტორი ყიდულობს დაახლოებით 20-30 ათასს კიდევ. წელს, რა თქმა უნდა, მოთხოვნილება მეტი იქნება, ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან პირველ რიგში მაღალი რისკჯგუფები – ორსულები, მოხუცები, ბავშვთა სახლებში მყოფი ადამიანები. შარშან დიაბეტით დაავადებულები დავამატეთ და რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგები, ჩვენ, ვინც წინა ხაზზე ვართ, განსაკუთრებით ჰოსპიტალური სექტორისა და ამბულატორიულ სექტორში მომუშავე სამედიცინო პერსონალი. ვფიქრობ, წელს კერძო სექტორიც აქტიური იქნება და მოგიწოდებთ თქვენც, ვინც არ შედიხართ რისკ-ჯგუფებში, აიცრათ გრიპის საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება