ჩვენი გეგმაა საქართველოს გათავისუფლება ივანიშვილისგან და დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ ოჯახში”- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა 8 მარტს, იუთუბ არხზე ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის გადაცემაში:
„ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვათანხმებთ ჩვენს გეგმებს იმ ადამიანებთან, რომელთა ინტერესებს ეხება ეს კანონი. ჩვენ გვაქვს გეგმა. ჩვენი გეგმაა საქართველოს გათავისუფლება ივანიშვილისგან და დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ ოჯახში, გავხდეთ უკრაინის მეგობარი და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება პუტინზე, რადგან პუტინის დასასრული არის რუსეთის გათავისუფლება, უკრაინის გათავისუფლება, საქართველოს გათავისუფლება, ბელარუსის გათავისუფლება და ასე შემდეგ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ წლის განმავლობაში პუტინის პრობლემა გადაიჭრება, მე ოპტიმისტს მიწოდებენ, თუმცა დამიჯერეთ, პუტინი ვერ გაუძლებს ამდენს, რა საზოგადოებრივი განწყობაც არ უნდა იყოს რუსეთში“.
კითხვაზე, არის თუ არა ამჟამინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლოზუნგი – თავისუფლება სააკაშვილს, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მათი პარტია პირველ საკითხად აყენებს სააკაშვილის გათავისუფლებას.
„ჩვენი პარტია პირველ საკითხად აყენებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამ მიტინგის მიღწეული ერთ-ერთი მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. უნდა გესმოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნახევარ საათში ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს. სწორედ ამიტომ ივანიშვილს ამ დრომდე ჰყავს დაპატიმრებული სააკაშვილი“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
კითხვაზე: „ხომ არ მოგსვლიათ აზრად იმ საავადმყოფოს ბასტილიის ციხესავით აღება, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება“, მერაბიშვილი პასუხობს:
„თქვენ დაინახეთ, რომ გუშინ პარლამენტთან ხალხი უბრალოდ იდგა და მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი. ზუსტად იგივე მოხდება საავადმყოფოსთან, რადგან როგორც კი წავიყვანთ იქით ხალხს, ხელისუფლება იქით გადაისვრის ძალებს. სად იქნება ეპიცენტრი, ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ჩვენი პირველადი ამოცანა. ამ დრომდე ამას დიპლომატიური მეთოდებით ვცდილობდით. ამჟამად ამერიკაში ჩვენ ძალიან სერიოზული მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით. არ არის მნიშვნელოვანი, სად გაირღვევა პოლიციის „კორდონი“, პარლამენტთან თუ საავადმყოფოსთან. კორდონის ნებისმიერი „გარღვევა“ არის სააკაშვილის და მთელი საქართველოს გათავისუფლება“.
კიდევ ერთ კითხვაზე: „შესაძლებელია თუ არა თბილისური მაიდანი“, მერაბიშვილი პასუხობს:
„არაფერს გამოვრიცხავ. ახლა არ ვიცი ზუსტად, ეს იქნება დღეს, ხვალ თუ ზეგ, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ამ რეჟიმის დღეები დათვლილია. ხდება ისე, რომ პროფესიონალ პოლიტიკოსს აქვს პირადი გრძნობები. მას ესმის, გრძნობს, რომ რაღაც მოხდება. როდესაც ვუყურებ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, რა ხდება სოციალურ ქსელებში, ვხვდები, რომ გუშინდელის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა საქართველოში“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
