მიზანმიმართული დეზინფორმაცია და რეალობა – რას გულისხმობს „ხალხის ძალის“ კანონპროექტი. გურამ მაჭარაშვილის დეტალური განმარტება

მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს, ამერიკულ კანონზე დაფუძნებით მომზადებულ დოკუმენტს განიხილავენ, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მიერ ბოლო დროს გავრცელებულ დეზინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება.

მაჭარაშვილმა, სხვა კითხვებთან ერთად, პასუხი გასცა იმ კითხვებსაც, რომლებიც კანონის მოქმედებას ინდივიდებსა და ბენეფიციარებზე შეეხებოდა, ასევე, გასაჯაროვდებოდა თუ არა კანონის ამოქმედების შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულთა პირადი ინფორმაცია და თუ განიხილებოდა ტერმინ „აგენტის“ ცვლილება.

„კანონპროექტი, რომელსაც ახლა განვიხილავთ, ანუ ის ვარიანტი, რომელიც თავიდან დავაინიცირეთ (ქართული ვერსია), ფიზიკურ და ინდივიდუალურ პირებს არ ეხება. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათგან მხოლოდ ააიპებს, ანუ, არასამეწარმეო იურიდიულ პირებს და მედიასაშუალებებს ეხება.

ქართულ ვერსიაში დასაქმებულების პირად ინფორმაციაზე წვდომა არ არსებობს, ეს არის FARA-ს, ანუ ამერიკულ კანონში, რომელსაც შემდეგ განვიხილავთ.

რაც შეეხება კითხვას ტერმინთან დაკავშირებით – „გავლენის აგენტი“, მასზე მსჯელობა მეორე მოსმენის საქმეა. პირველი მოსმენის შემდეგ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავაგზავნოთ და იქიდან დასკვნის მიღების შემდეგ ჩაინიშნება მეორე მოსმენა. ამგვარ დეტალებზე სწორედ მაშინ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილმა უპასუხა ასევე დეპუტატ კახი კახიშვილის კითხვას – აღნიშნული კანონი შეეხება თუ არა უცხოეთიდან დაფინანსებულ სტუდენტებს და გულისხმობს თუ არა ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას.

„ეს კანონი არ ეხება სტუდენტებს, რომლებიც სწავლისთვის დაფინანსებას ან გრანტს უცხოეთიდან იღებენ. არანაირი დაბრკოლება ამ კანონის მიღებით მათ არ შეექმნებათ (მით უმეტეს, რომ ეს კანონი ფიზიკურ პირებზე საერთოდ არ ვრცელდება). პირიქით, იმ დონორების მიმართ, რომლებიც აფინანსებენ მსგავს მიმართულებებს – სწავლა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და ა.შ. გაჩნდება პოზიტიური შეფასება, რაც მათ მეტ მოტივაციას მისცემს. ამ შემთხვევაში სტუდენტებზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის კითხვასაც, ექნება თუ არა პრეზიდენტს უფლება გარკვეული დაწესებულებები უცხოური გავლენის აგენტის რეესტრიდან ამოიღოს. ასევე, გავრცელებული ინფორმაცია, რომ კანონის ამოქმედება ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას ხელს შეუშლიდა, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს.

„[პრეზიდენტთან] დაკავშირებით კითხვა მართალია შემდეგ კანონპროექტს [ამერიკულ ვერსიას] ეხება, მაგრამ მაინც გიპასუხებთ, რომ საუბარია აშშ-ის პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე – გარკვეულ ქვეყნებთან მიმართებით საგამონაკლისო წესი ჰქონდეს, რაც ჩვენ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. თუმცა ვთქვით, რომ თუ ოპოზიცია თანახმა იქნება FARA-ს, ანუ აშშ-ის კანონპროექტთან დაკავშირებით, შეგვიძლია ამ კანონში შევიტანოთ ცვლილება და „პრეზიდენტი“ „მთავრობით“ ჩანაცვლდეს, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ საქართველო საპარლამენტო ქვეყანაა.

ასევე, ეს კანონი არც ქალთა დისკრიმინაციას არ გულისხმობს – ის დონორები, რომლებიც აფინანსებენ საგანმანათლებლო სფეროს, სტუდენტებს, ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულებებს და ა.შ., რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ გააგრძელებენ საქმიანობას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება