IMG.GE ___________________________________ IMG.GE

რა ვქნათ, სიმართლეს თვალებში შევხედოთ. ცოცხალი ადამიანები ვართ, ქართველები ლაღი ერი ვართ. ამით უფრო ვგავართ იტალიელებს და ესპანელებს, ვიდრე სკანდინავიელებს ან გერმანელებს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, გასულ კვირას ქორწილში კოვიდინფიცირების შემთხვევაზე საუბრისას.

„ხელისუფლება ცდილობს, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენოს ის ინტერვენცია, რომელიც იმ მომენტში საკმარისია, იმისთვის, რომ ინფექცია მთელ ქვეყანაში არ გავრცელდეს. ამას ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ახერხებს. ოპტიმისტი ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოვახერხებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ზედმეტად გავთამამდეთ და უგულებელვყოთ საფრთხე. ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რასაც მივაღწიეთ და უნდა შევასრულოთ ელემენტარული რეგულაციები, რომელიც გაწერილია. ეს რეგულაციები, დამიჯერეთ, არ არის ისეთი, რომ შეუძლებელი იყოს მისი შესრულება. ესაა პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა დახურულ სივრცეში, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, სანიტაიზერებით ხელის ჰიგიენა. ეს მინიმალური შეზღუდვებია და როგორღაც, ნუ გავატანთ ქარს იმას, რასაც მივაღწიეთ. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ყველანაირი საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ყველა საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს თვითონ შეიცავს უდიდეს საფრთხეს. ეს არ უნდა გავაკეთოთ, ნუ ჩავთვლით, რომ ყველა საფრთხემ ჩაიარა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება