IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამოცემა „London Business Matters“-ის სექტემბრის ნომერში, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, სოფია ქაცარავას სტატია სახელწოდებით „საქართველო-გაერთიანებული სამეფოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ახალი ერა“ გამოქვეყნდა.

სტატიაში საქართველოს ელჩი აღნიშნავს, რომ ქვეყანა,, მიუხედავად რთული გეოგრაფიული მდებარეობისა, შეძლო თანამედროვე ეკონომიკისა და ძლიერი დემოკრატიისა აშენება, ასევე დასავლეთთან ურყევი კავშირის დამყარება.

ელჩის ინტერვიუში აღნიშნულია საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ საქართველოს მიღწევების შეფასებები. კერძოდ, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს, როგორც “ვარსკვლავი რეფორმატორის” დასახელება, რაც, მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკურ მმართველობაში განხორციელებული ღრმა რეფორმების შედეგია. ასევე, ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“– ის ყოველწლიური რეიტინგის მონაცემებს, რომლის თანახმადაც საქართველოს მსოფლიოში მეშვიდეა, როგორც ბიზნესის კეთების საუკეთესო ადგილი. ქაცარავამ ასევე ისაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბილო ანგარიშზე, სადაც აღნიშნულია მთავრობის მიერ ბოლო წლებში დანერგილი წარმატებული ფისკალური პოლიტიკა, რამაც მაკროეკონომიკური სტაბილურობა გამოიწვია.

სტატიაში საქართველოს ელჩი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

ელჩის თქმით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება 2019 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შესახებ.

„დოკუმენტი იყო დიდი ბრიტანეთის პირველი ასეთი შეთანხმება ევროკავშირის დატოვების შემდეგ, რაც ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო და მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია“ – აღნიშნა ქაცარავამ.

ხელშეკრულება ძალაში 2021 წლის 1 იანვარს შედის და საქონლით და მომსახურებით ვაჭრობაზე შეუფერხებლად გადასვლას უზრუნველყოფს, ისევე როგორც ინტელექტუალური საკუთრების, სანიტარული ზომებისა და სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით. შეთანხმება ასევე მოიცავს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მნიშვნელოვან ელემენტებს და გაერთიანებული სამეფოს და საქართველოს თანამშრომლობის სხვა ფორმებს, მათ შორის ადამიანის უფლებებზე და უსაფრთხოებაზე.

სტატიაში ქაცარავა ასევე ხაზს უსვამს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

„ქვეყნის შთამბეჭდავი თავისუფალი ვაჭრობის ქსელი მწარმოებლებს საშუალებას აძლევს წვდომა იქონიონ 2.3 მლრდ. მომხმარებელთა ბაზარზე, ჩინეთიდან ევროკავშირამდე გადაჭიმულ საბაჟო არეალში. ეს ფაქტი, სტრატეგიულ გეოგრაფიული ადგილმდებარეობასთან და დაბალ საოპერაციო ხარჯებთან ერთად, საქართველოს, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებისთვის, კონკურენტუნარიან ქვეყნად აქცევს. ეს ინვესტორებისთვის ძალიან მომგებიანი წინადადებაა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური მიწოდების ჯაჭვის დარღვევამ გეოგრაფიული დივერსიფიკაციის საჭიროება ნათლად აჩვენა“- აღნიშნავს ის.

საქართველოს ელჩის განცხადებით, საქართველო-დიდი ბრიტანეთის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის ახალი ეტაპისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს.

„ჩემი მთავრობა რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების შემდგომი ხელშეწყობის ერთგულია; საქართველოს დასავლური კურსი გაგრძელდება და დაჩქარება; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები შემდეგ თვეში გაიმართება; დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კი იანვარში დაიწყება“- აღნიშნავს ქაცარავა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება