შალვა პაპუაშვილი – ჩემი შეთავაზება იყო, უკრაინაში ვიზიტისას, ოპოზიცია და უმრავლესობა სამ-სამი წევრით ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა ოპოზიციამ ეს არ გაიზიარა

970X90

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მისი ვიზიტი დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირას შედგება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციასთან შეხვედრაზე, მან შესთავაზა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც ყოფილიყვნენ დელეგაციაში, თუმცა ეს არ გაიზიარეს.

„რაც შეეხება ვიზიტს, დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირას განხორციელდება, იცით, რომ ჩვენ შეთანხმება გვაქვს უკრაინის რადას თავმჯდომარესთან. ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც, როგორც სხვა შემთხვევებში, არის საპარლამენტო დელეგაციასთან ერად და ამ შემთხვევაში, მე შევთავაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მათ წევრებიც იყვნენ საპარლამენტო ჯგუფში.

სოლიდარობის გამოცხადება, საქართველოს პარლამენტის ბევრ წევრს უნდა. დელეგაციაზე შეთავაზება გვქონდა, ისევე როგორც სხვა დროს ხდება, იყვნენ წარმოდგენილი უმრავლესობის წევრები და ასევე თანაბარი რაოდენობით იყვნენ ოპოზიციიდან, სამი იყოს უმრავლესობიდან, სამი ოპოზიციიდან, სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იზიარებს. მე ჩემი შეთავაზება მქონდა. მთავარია, დელეგაცია შედგეს. სამწუხაროა, რომ შიდა პოლიტიკური თემები, როგორც ჩანს, სჭარბობს ხოლმე იმ მთავარს, რასაც ჰქვია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.

ჩვენ იქ მივემგზავრებით, რათა ვაჩვენოთ ადამიანებს სოლიდარობა, გავიზიაროთ მათი წუხილი და ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული შიდაპოლიტიკურ სიჭრელესთან, თუ მრვალფეროვნებასთან. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, მიზანი ამ ვიზიტისა და ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დელეგაციასთან ერთად, სადაც განსხვავებით სხვა დელგაციებისგან, როდესაც ხდება ხოლმე, იქ არის ოპოზიციის წარმომადგენელი, მე შევთავაზე თანაბარი თანაფარდობა, რომ სამი ყოფილიყო უმრავლესობის, სამი ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ ამ შეთავაზებას არ იზიარებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პოზიცია იყო, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან ყოფილიყო თითო წარმომადგენელი, რაც ზრდის დელეგაციის რაოდენობას, თუკი ეს იქნებოდა თანაბარი, ეს 15-20-კაციანი დელეგაცია გამოვიდოდა.

„იქ ჩავდივართ პარლამენტის სახელით და არა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლობის სახელით. რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას, ამას განვსაზღვრავთ. ზოგადად, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დროს დელეგაცია უნდა ასახავდეს პარლამენტის მოცემულობას, მათ შორის პროპორციას, რომელიც იქ არის. როდესაც მე მაქვს ვიზიტები, ოპოზიციის წარმომადგენლებიც არიან, თუმცა ისინი იქ ოპოზიციას კი არ წარმოადგენენ, არამედ არიან პარლამენტის წევრები. აქაც ეს შეთავაზება იყო, რომ იყოს უფრო თანაბარი წარმომადგენლობა, იგივე რაოდენობა იყოს ოპოზიციიდან რაც იქნებოდა უმრავლესობის მხრიდან, ამ პრინციპს თუ გავყვებოდით, გამოდის 15-კაციანი დელეგაცია, რაც ლოჯისტიკური და უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ეს იქნება ერთდღიანი ვიზიტი და ქმნის ლოჯისტიკურ სირთულეებს. რაც მთავარია, საჭიროებასაც ვერ ვხედავ. საუბარი, თითქოს ამ დელეგაციის მიზანი არის ერთიანობის ჩვენება, ეს მიმაჩნია უადგილოდ. ჩვენ იქ ჩავდივართ არა ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთიანობის და შიდა პოლიტიკური საკითხების საჩვენებლად, იქ ჩავდივართ, რათა გავიზიაროთ ჩვენი ძმებისა და დების წუხილი. ამის გაზიარება შეგვიძლია ამ დელეგაციის შემადგენლობაშიც და სხვა დელეგაციაშიც. ჩვენი პარლამენტის წევრები დადიან უკრაინაში და ამაზე პრობლემა არ არის. მათ ყოველთვის შეუძლიათ ჯგუფურად, თუ ინდივიდუალურად გამოხატონ თავიანთი პოზიცია.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს, ამას აქვს თავისი ფორმატი, მათ შორის დელეგაცია, როგორ უნდა ასახავდეს პარლამენტის შემადგენლობას, არის პროპორცია, რომელიც არის პარლამენტში და ეს არის შეთავაზება, რომელიც ნებისმიერი ასეთი დეგელაციის დროს იყო.

ხაზი უნდა გავუსვათ ერთ რამეს, რომ ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი და არის წარმომადგენლობითი ვიზიტი პარლამენტის მხრიდან, რათა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები განმტკიცდეს, ჩვენ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ადგილზე ჩვენს მეგობრებს უკრაინიდან. თუ სურს ვინმეს, პოლიტიკურ პარტიებს შორის ერთიანობა წარმოადგინოს, ეს სხვა ფორმატია, ერთი მეორეს ხელს არ უშლის, ხელს არ უშლის, რომ აქაც იყოს ოპოზიცია წარმოდგენილი და იქაც იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დელეგაციის შემადგენლობაზე ჩამოყალიბდებიან, თუმცა შემადგენლობაში იქნებიან არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია.

„არჩილ თალაკვაძე არის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით სერგეენკო არის ვიცე-სპიკერი და ბექა ოდიშარია არის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც პერიოდში ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა ქართველებთან უკრაინაში, ლოგიკურია მათი წამოსვლა. ჩემი სურვილია, ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი ამ დელეგაციაში. ეს ვიზიტი შედგება და იქნება საქართველოს პარლამენტის სახელით სოლიდარობის გამოცხადება, სამწუხარო იქნება, რომ ოპოზიციიდან დეპუტატები გამოაკლდებიან ამ სოლიდარობის გამოცხადებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

970X90
გაზიარება