ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპიდან ამხილა სააკაშვილის გეგმები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მიუნჰენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი კარგი მსახიობია და ის სამედიცინო დაწესებულებაში უკვე მე-8 თვეა მკურნალობს.

“პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. მინდა ხალხმა იცოდეს, ის წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა საქართველოში. მისი დაბრუნების იდეა იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება.

მისი გეგმა წარუმატებელი იყო და ციხეში აღმოჩნდა. ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში, ხალხს აღარ გადავღლი დეტალებით, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მინდა პასუხი გავცე.

8 თვეზე მეტია კერძო კლინიკაში მკურნალობს. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გააჩნია სხვა პატიმარს.

თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები. მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მის ოჯახს, რათა ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი კლინიკიდან, ნებისმიერი ქვეყნიდან, ეს არის ჩემი პასუხი.

ალბათ თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სააკაშვილის ოჯახის დაქირავებული ლობისტური ფირმების მიერ,  მაგალითად გასულ თვეში გაჟღერდა, რომ 1 მილიონი დოლარი გადაიხადა მისმა ოჯახმა აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელ მსოფლიოში.

რაც თქვენ გესმით და რასაც ხედავთ  სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას, ამიტომ, არავინ არ დგას კანონზე მაღლა, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ეს არის დემოკრატიის არსი.

სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ასევე ყოფილი პარლამენტარის ცემა. მის პერიოდში შეიჭრნენ კერძო ტელევიზია “იმედში” .

2 დღე კონტეინერში გაატარა კაცმა, როდესაც საქართველოში შემოვიდა, რომ რევოლუცია მოეხდინა. ეს არის ამბავი. არ მსურს ამ პანელზე ვისაუბრო ამ ადამიანზე“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შენიშვნა: ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა ნათარგმნია სინქრონულად, შესაბამისად, შესაძლოა ზუსტად არ დაემთხვეს მისი სიტყვები და თარჯიმნის გადმოცემული.
გაზიარება