IMG.GE IMG.GE

ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ევროპარლამენტარები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები თანხმდებიან იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტად ამბიციური გეგმები იმისთვის, რომ შემდგომი ათწლეულებიც იყოს ასეთივე წარმატებული, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ამოცანაა, მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს ეკონომიკურად და გაზარდოს ის შესაძლებლობები, რომელიც ლოგისტიკურად მარტივად დააკავშირებს საქართველოს ევროკავშირთან და შესაბამისად, კიდევ უფრო გაუადვილებს წვდომას ევროპულ ბაზრებზე.

სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული გზავნილები ემთხვევა იმ ხედვას, რაც ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებაში გააჩნია. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ხელშესახები მიზნები, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობა გავხადოთ კიდევ უფრო ეფექტიანი. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, უშუალოდ დაინახონ ის სიკეთეები, რა მოაქვს ევროკავშირში ინტეგრაციას საქართველოსთვის და ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალ თაობებზე, რაზეც ასევე საუბრობენ ევროპარლამენტარები. ეს ხელს შეუწყობს მომავალ თაობებს, მიიღონ როგორც განათლება, ასევე გამოცდილება ევროპულ სახელმწიფოებში, რაც მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ დავაბრუნოთ ევროპულ ოჯახში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება