IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„დღეს მოსახლეობის გრძნობებზე თამაში გახდა პოპულარული, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში. ყოველდღიურად მომდის ინფორმაცია ე.წ. აგიტატორების, თუ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ოჯახ-ოჯახ ვიზიტების შესახებ, რომლებიც მოსახლეობას ცრუ მოლოდინს უქმნიან. ცდილობენ საპროტესტო მუხტი შექმნან. ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ ამორალურია“, – ამის შესახებ მედიასთან სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ თავიდანვე განვსაზღვრეთ ის პირობები, რომ მოსახლეობა დაზღვეული ყოფილიყო მინიმალური რისკებისგან. ამ ფონზე, ყურძნის შესყიდვაზე 80 თეთრიანი პირობა, რომელიც ბაზარზე დავაწესეთ შესრულებულია. დღეს ყურძნის ჩაბარების პროცესი, აქტიურად მიმდინარეობს. კომპანიები ყურძენში მინიმუმ ამ ფასს გადაიხდიან, მაგრამ კონკურენციის პირობებში სხვადასხვა მიკრო ზონაში ფასი შეიძლება უფრო მეტიც იყოს, კონკრეტულად რქაწითელის ყურძენზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფომ დააკრედიტა და იაფი ფინანსური რესურსები გააჩინა კომპანიებისთვის. „ეს ნაბიჯები გადადგმული იყო იმისთვის, რომ რეალურად ქართული კომპანიების მსყიდველობითი უნარი გაზრდილიყო. განსაკუთრებით COVID19-იდან გამომდინარე პრობლემების პირობებში. ასე, რომ მოსახლეობას ჩაბარების პრობლემა დღეს არ აქვს. ჩვენ რთველი ახლახან დავიწყეთ. რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. თუმცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხდება რქაწითელის ყურძნის ჯიშის ჩაბარება, ასევე ადრეული ჯიშები, როგორიცაა მუსკატი, შარდონი და სხვა საშამპანურე ჯიშები. ჯერ არ დაწყებულა ინტენსიურად საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარება და აქ ჩვენ გვესმის, რომ მოთხოვნა არის ჯანსაღი და გვესმის რომ ფასი 1 ლარზე მეტი იქნება, ეს იყო ჩვენი შეფასება. დანარჩენი ფასი უკვე განისაზღვრება ბაზარზე იმ მოთხოვნით, რა მოთხოვნაც არსებობს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, 2020 წელს ყურძნის მოსავალი რეკორდულია.

„არც ერთ წინა წელს ამდენი მოსავალი არ გვქონია, მაგრამ ის სამუშაოები, რომელიც სამინისტრომ და სახელმწიფომ გაწია, გვაძლევს იმის იმედს, რომ რთველი ჩაივლის წარმატებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება