IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჩვენ მივიღეთ მაღალი სტანდარტის დემოკრატიული ქვეყნის საარჩევნო კოდექსი. საჭიროა დარღვევის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამძაფრება? გავამძაფრებთ კიდეც“, –ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

„რასაკვირველია, ნორმალურ სიტუაციაში ასეთი კანონი არც უნდა მიიღებოდეს. ვის მოაფიქრდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ქვეყნებში, სადაც ტარდება სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები? მაგრამ ვითარებამ მოიტანა, ასეთი ვითარება შეიქმნა ჩვენ გარშემო. ეს არის არანორმალური პოლიტიკური სივრცე, რამდენადაც საქმეზე საერთოდ არ მიდის საუბარი. სპეკულაცია მიდის იმაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმაო ბერკეტები იმისათვის, რომ დავსაჯოთ და შევაშინოთ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიფიქრეს ასეთი სისულელე – ამომრჩეველზე მოახდინონ ზეწოლა და უთხრან, შემოხაზოს მისი პარტიის ნომერი, გადაუღოს ფოტო და გამოაქვეყნოს. ვინმეს თუ დაავიწყდა, რომ ეს კანონი არსებობს, მოვაგონოთ კიდევ უფრო დაძაბული ტექსტით, უფრო გამწვავებული შეფასებით, გამკაცრებული სასჯელით. ამის წინააღმდეგი რატომ შეიძლება იყო?“ – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი პოლიტიკურ ჩიხში შევიდა და აღარ იციან, საით წავიდნენ და რა განცხადებები გააკეთონ. ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით აჟიოტაჟის შექმნა გარკვეული პოლიტიკური ფანდია, რომლითაც ოპოზიცია ყურადღების მიქცევას ცდილობს.

„ამ კანონპროექტს მხარი უნდა დავუჭიროთ. მივიღოთ ეს კანონი. ძალიან ვწუხვარ, თუ ვინმე არ დაუჭერს მხარს. უმრავლესობაში ყველას ეს განწყობა გვაქვს. ურთულესი არჩევნები იქნება და ჩვენი მხრიდან მტკიცე პოზიცია იქნება საჭირო“, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.​

„ქართული ოცნება“ გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, ამომრჩევლის იძულება და დაშინება სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება