IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სამწუხაროდ, არ იყო დამყოლობა, როდესაც ჩვენ მოვუწოდეთ ბათუმისა და ქობულეთის კაფე-ბარებში დასაქმებულებს, რომ მათ ტესტირება გაევლოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა მივმართო ბათუმის ღამის კლუბებსა და იმ ბარებს, სადაც ინტენსიურად ბევრი ადამიანი იკრიბება. არ დასმულა საკითხი ამ დაწესებულების დახურვაზე, მაგრამ იქ უნდა ტარდებოდეს ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება. კერძოდ, ყოველდღიურად კარგი დალაგება მსუბუქი დეზინფექციით და 2-3 დღეში ერთხელ სრული დეზინფექცია. ამავე დროს, სამწუხაროდ, არ იყო დამყოლობა, როდესაც ჩვენ მოვუწოდეთ ბათუმისა და ქობულეთის კაფე-ბარებში დასაქმებულებს, რომ მათ ტესტირება გაევლოთ. დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ აუცილებლად გაიარონ ტესტირება. დღეს ბათუმში დაემატა მესამე კარავი, ანბანის კოშკთან, სადაც მათ შეუძლიათ, ჩაიტარონ PCR-ტესტირება. დღეის მონაცემებით, ბათუმში გვაქვს მიკროაფეთქება, სიტუაცია საყურადღებოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა ამას გაუმკლავდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება