IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სახალხო დამცველისგან დამაიმედებელი პასუხი მივიღეთ. ის გენერალურ პროკურორს შეხვდება, – ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დროა, გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყოს და აღდგეს ყველა გამქრალი მასალა.

„ჩვენ დეტალურად ვესაუბრეთ სახალხო დამცველს. ვესაუბრეთ იმაზე, თუ რამ გამოიწვია ჩვენი უნდობლობა გამოძიების მიმართ და ჩვენ სახალხო დამცველისგან საკმაოდ დამაიმედებელი პასუხი მივიღეთ. მან მოგვცა პირობა, რომ იქნება რეკომენდაციები და ის პირადად შეხვდება გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს. ის ჩვენ მოთხოვნებს განიხილავს გენერალურ პროკურორთან და აბსოლუტურად ყველა საკითხზე დეტალურად ისაუბრებს. ვიმედოვნებ, სახალხო დამცველის პოზიციას და სიტყვას ექნება შედეგი და დროულად იქნება გამოყენებული კანონიერება, რაც ჩვენ მიგვიყვანს სამართლიანობამდე და მივიღებთ იმ შედეგს, რომელსაც ამდენი ხანია ველოდებით”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თავის მხრივ ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველი ჩაერთვება ამ საქმის შესწავლაში და გამოთქვამს სურვილს გენერალურ პროკურორთან შეხვედრაზე.

„ძალიან დეტალურად მოვისმინე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების და ადვოკატის წუხილი გამოძიებასთან მიმართებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ ადვოკატთან ერთად გავეცნობით საქმის მნიშვნელოვან ნაწილს და გარემოებებს, რომლებზეც დაზარალებულ მხარეს აქვს კითხვები. მე გამოვთქვამ სურვილს, რომ შევხვდე გენერალურ პროკურორს გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ გაავრცელა პროკურატურამ განცხადება, რომ გვაძლევენ სრულ დაშვებას საქმეზე. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იქნება ერთად განვიხილოთ რა გეგმები აქვს პროკურატურას და განვიხილავთ ყველა საეჭვო გარემოებას და ყველა კითხვას, რაც ოჯახს აქვს. ვიმედოვნებ, რომ პროკურატურა გამოეხმაურება ამ განცხადებას და ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება შეხვედრის შესაძლებლობა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება