IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, თუ რატომ არ იხსნება საბავშვო ბაღები 15 სექტემბერს. მინისტრის თქმით, ბაგა-ბაღების სკოლებთან ერთად გახსნა გარკვეულწილად სარისკოა.

გაბუნიას თქმით, საჭიროა, რომ შემზღუდველი ღონისძიებები ეტაპობრივად მოიხსნას.

„საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ჩვენ რეკომენდაციები მოვამზადეთ და გამოვეცით. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩვენ ეპიდემიის კონტროლის საშუალებას გვაძლევს, არის ეტაპობრივი გახსნა და ეტაპობრივი მოშვება შემზღუდავი ღონისძიებების. სკოლის გახსნა არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა და ამდენად, 15 სექტემბერს, როდესაც ჩვენ სკოლის გახსნას ვგეგმავთ, გარკვეული გარდამავალი პერიოდი გვჭირდება, ვიდრე შემდეგ დამატებით ღონისძიებას გავხსნით. ამ შემთხვევაში, საბავშვო ბაღები დარჩა ის დიდი თავშეყრის ადგილი, რომელიც ჯერჯერობით არის შეზღუდვის რეჟიმში. სჯობს, რომ უსაფრთხოდ გაიხსნას, ვიდრე ახლა გავხსნათ და ისევ დასაკეტი გაგვიხდეს ყველაფერი”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება თუ არა ისევ გამკაცრდეს ზომები, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რეგულაციების თავიდან შემოღების საჭიროება არ არის და ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.

„ერთეული შემთხვევები არ ნიშნავს არაფერს საგანგაშოს. თუ ჩვენ შევხედავთ საერთო სურათს, ვნახავთ, რომ დადებითობის მაჩვენელი ანუ ტესტირების შედეგად გამოვლენილი დაინფიცირებული ადამიანების პროპორციული რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. თუ ჩვენ დღეში ვატარებთ 5000-მდე ტესტირებას და აქედან 25 არის დადებითი, ეს ნიშნავს, რომ ეპიდემიურად ქვეყანა არის საიმედო. სიტუაცია არის სტაბილური, კონტროლირებადი. სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს ჩვენ რომ განსაკუთრებულ შემზღუდველ ღონისძიებებზე ვისაუბროთ – არა, მაგრამ უნდა დავიცვათ ის წესები, რაზეც აქამდე შევთანხმდით”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება