ირაკლი ბერაია რაზვან როტუნდუს შეხვდა

121
წაკითხვა/ნახვა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რაზვან როტუნდუსთან შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მეგობარ ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობების, მათ შორის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

„რუმინეთი არის საქართველოს პარტნიორი სახელმწიფო, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. რუმინეთი არის პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1991 წელს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს არის პირველი სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველო და რუმინეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან.

„ეს განსაკუთრებით ეხება თავდაცვის სფეროს. რუმინეთი აქტიურად მონაწილეობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში და ათეულობით დამკვირვებლით არის წარმოდგენილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. მოხარული ვიქნები ვიხილო რუმინელი კოლეგები საქართველოში და ასევე, პირველივე შესაძლებლობისთანავე ვესტუმრო ბუქარესტს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები
მოწონება