IMG.GE ___________________________________ IMG.GE

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“აქამდე სად იყავით” – მას შემდეგ რაც ფეისბუქზე გამოვჩნდი, ჩემს მიმართ დასმული ყველაზე ხშირი და ლეგიტიმური კითხვა ალბათ სწორედ ესაა.

მე იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერებს შორის ვიყავი, რომელიც ხელისუფლებაში წლების მანძილზე იყო.
ხშირად მითქვამს და არც განმეორება მგონია ზედმეტი – ბუნებრივია ყველა პროცესზე ვიღებ პასუხისმგებლობას, მათზეც რომლის შედეგითაც კმაყოფილი ვარ, ან პირიქით – რომელთა გამოსწორებაც მიმაჩნია პოლიტიკაში ყოფნის მთავარ მოტივად. ყველა პოლიტიკურ ჯგუფში ფუნქციები განაწილებულია. ხელისუფლებაში ყოფნის წლებში, ჯერ იურიდიულ კომიტეტში ფართო პოლიტიკური რეფორმების გატარებაში ვიყავი ჩართული, შემდგომ კი საგარეო და უსაფრთხოების სფეროში გადავინაცვლე.

ბუნებრივია, ეს ბოლომდე არ მამართლებს, რადგან ეს ჩემი არჩევანიც იყო. არ ვყოფილვარ ფოკუსირებული სპეციფიკურად რეგიონების პრობლემებზე, მათ შორის არც ფოთში, ხობსა და სენაკში, საიდანაც ჩემი ოჯახის ძირებია. რასაც არ ვეთანხმები ისაა, რომ წარსულში მიღებული გადაწყვეტილების გამო, ახლა ამ პასუხისმგებლობის აღება ჩემგან ან არასწორია ან ისე დაგვიანებული რომ ვერ შევძლებ აუცილებელი ცვლილებების მოტანას.

ახლა მე ეს პასუხისმგებლობა ავიღე და როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგი, ეს პასუხისმგებლობა პოლიტიკური კარიერის განმავლობაში გამყვება. ოღონდ იმის თქმა არ მინდა, რომ არჩევნების შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს.
 მე ყველა შემთხვევაში ვიქნები იმ ადამიანების ხმა, ვისაც ახლა მხარდაჭერას ვთხოვ ფოთში, ხობში და სენაკში. ეს ხმა რამდენად ძლიერი იქნება, ეს ჩემზე და თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

ისიც ცოტა უსამართლო მგონია როცა მსაყვედურობენ, თუ რატომ გამახსენდა ახლა ბაბუაჩემის სახლი ფოთში, ახლა არ გამხსენებია, უბრალოდ ახლა პირველად შემოვედი აქტიურად ფეისბუქზე, ფოთშიც მეტ დროს ვატარებ და მომავალშიც გავატარებ. ბუნებრივად მეჩვენება ასეთი რამის გაზიარება მათთვის, ვისაც ჩემს მიმართ რაიმე ინტერესი აქვს. მხარდაჭერას გთხოვთ არა იმიტომ, რომ ჩემი ოჯახის ძირები აქედანაა, არამედ მგონია რომ თქვენი მხარდაჭერით, შევძლებთ ისეთი ცვლილებების მოტანას, რომელიც ამ მხარეს და მთლიანად საქართველოს სჭირდება. წერს ბოკერია

კომენტარის დატოვება
IMG.GE