ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს

46
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, კალე ლაანეტს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა წარმატებული პარტნიორობა თავდაცვის უწყებებს შორის და ხაზი გაესვა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მთავარი საყრდენი კიბერუსაფრთხოებაა, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. საუბარი შეეხო ესტონელი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობას საერთაშორისო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში -„მტკიცე სული 2021“.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე დემოკრატიზაციისა და თავდაცვის რეფორმების მიმართულებით. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ემზადება 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და ღია კარის პოლიტიკის პერსპექტივები ასახული იქნება მომავალ სამიტზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ესტონეთის ჩართულობის მნიშვნელობაზე, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა ესტონეთს მადლობა გადაუხადა. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებას და ამ პროცესში ნატო-ს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

კალე ლაანეტმა მთავრობის მეთაურს დაუდასტურა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა ესტონეთის წვლილისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი ტაავი როივასი, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი პიტერ კუიმეტი, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი კრისტო ენ ვაგა, ხოლო საქართველოს მხრიდან – თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება