IMG.GE IMG.GE

რაზე ვმსჯელობთ? ჩანაწერზე ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის „დესტაბილიზაციას” ემსახურება? ეს არასწორი შეფასებაა, რადგან ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყველა მიმართულებით, რაც ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებს, გვაქვს პროგრესი და საქართველოს პროდასავლური კურსი შეუქცევადია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

რა განაპირობებს ქვეყნის დესტაბილიზაციას? ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევები და მათი წამება ციხეებში; ბიზნესის ტერორი და უსამართლობა; რეიდები მედიაზე და მისი მონოპოლიზება; ზღვრის წაშლა სახელისუფლებო შტოებს შორის; მტრის პროვოკაციებზე წამოგება, მიუხედავად პარტნიორების არაერთგზის გაფრთხილებისა – ეს ყველაფერი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ” ჩააბარა წარსულს და ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება დაცულია. როგორ შეიძლება, ადამიანი დესტაბილიზაციაზე მუშაობდეს, თუ მისი გუნდი და მისი ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმები სტაბილურობაზე მუშაობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, აშშ-სთან საქართველოს თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი.

„კონგრესმენებთან რომ ვისაუბროთ და მათ ვუპასუხოთ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია გავიაზროთ რეალობა და ჩვენი სიმართლე – რეალობა კი არის ის, რომ ყველა მიმართულებით, რაც ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებს – გვაქვს პროგრესი და საქართველოს პროდასავლური კურსი შეუქცევადია. აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ასე ძლიერი. საქართველო თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან და ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში. ამის დასტურია საერთაშორისო შეფასებებიც 2012 წლიდან დღემდე – საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსში 2012 წელს 51-ე იყო რეიტინგში, დღეს 44-ა; ბიზნესის კეთების თავისუფლებით მე-12 ადგილზე იყო, დღეს მეშვიდე პოზიციაზეა; სასამართლოს დამოუკიდებლობით და ეფექტიანობით – 89-ე ვიყავით რეიტინგში 2012 წელს, დღეს 66-ე ვართ. საკუთრების უფლების დაცვა – 120-ე ადგილზე ვიყავით, 46-ე ვართ; მედიის თავისუფლება – 105-ზე ვიყავით, 64-ზე ვართ. NATO-ს შეფასების ანგარიშებში საქართველოს პროგრესი დადებითად არის შეფასებული; ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას; აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს. ახლა მითხარით, ეს ყველაფერი არის „დესტაბილიზაცია” და რუსული გეგმა?!​“ – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება