როგორც ჩანს, „ლელოს“ აქვს ბოღმა, რადგან არ ესმის, რატომ უნდა დაიყვანო ამხელა რეფორმა იმაზე, წავა თუ არა პოსტიდან თამარ ჟვანია

1063
წაკითხვა/ნახვა

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან წასვლის საკითხის დაჩემებით და შეჩიჩხინებით, რევოლუციურ და ამბიციურ საარჩევნო რეფორმას ნუ დააზიანებენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს ელისაშვილმა განუცხადა, არასერიოზულია საარჩევნო რეფორმა დახურდავდეს და იმ თემამდე დავიდეს, თამარ ჟვანია წავა თუ არა თანამდებობიდან.

„მესმის, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია განაწყენებულია იმით, რომ მართლა საშვილიშვილო რეფორმა შევიმუშავეთ მანამ, სანამ თავად გარეთ იყვნენ. ხვდებიან, რომ ძალიან დიდი საქმე გავაკეთეთ, საარჩევნო რეფორმა ყველა დეტალშია გავლილი და მართლაც ისტორიული რეფორმაა მომზადდა. ამაზე გული წყდებათ, მაგრამ მოდით, ძალიან მნიშვნელოვანს ნურავინ დააზიანებს. თამარ ჟვანიას დაჩემებით და ამ საკითხზე შეჩიჩხინებით, მართლაც, რევოლუციურ და ამბიციურ საარჩევნო რეფორმას ნუ დააზიანებენ. თუ ვინმე შეთანხმებას გულმოდგინედ წაიკითხავს, ნახავს, რომ ცესკო-ს სამივე დონეზე ფუნდამენტური ცვლილება განხორციელდება და აღარ დარჩება თამარ ჟვანიას ადგილი, მაგრამ ამ საკითხზე დახვევით, მეჩვენება, რომ საარჩევნო პროცესის შეფერხება უნდათ, რადგან ხვდებიან, რომ ჩვენ, „მოქალაქეები“ რის გამოც შემოვედით პარლამენტში და დიდი რეფორმა გავატარეთ, ამაზე შესაძლოა ცოტა ბოღმა აქვთ, ეს ბოღმები გვერდზე უნდა გავწიოთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კითხვაზე, ბოღმა აქვს თუ არა „ლელოს“, ვინც თანამდებობიდან თამარ ჟვანიას წასვლას ითხოვს, ელისაშვილი პასუხობს, რომ როგორც ჩანს, „ლელოს“ აქვს, რადგან მას არ ესმის, რატომ უნდა დაიყვანო ამხელა რეფორმა იმაზე, თამარ ჟვანია წავა თუ არა პოსტიდან.

„თამარ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო აწი, ამ რეფორმის შედეგად ვერავინ შეძლებს არჩევნების გაყალბებას. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება იმას, ვინ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე. ყველას ვთხოვ, ემოციები მოთოკონ და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები
მოწონება