სიმართლე მწარეა – ნაცისტი კრიმინალების ლობისტი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, თავიანთი პატრონობის ქვეშ მყოფთა ხელით ანგრევენ ქართულ სახელმწიფოებრიობას – სვიმონ ჯანგულაშვილი

1125
წაკითხვა/ნახვა

მუსიკოსი და ბლოგერი სვიმონ ჯანგულაშვილი Facebook-ზე მიმდინარე მოვლენებსა და შარლ მიშელის შეთანხმებას გამოეხმაურა:

„მაინც, ერთი რაღაცა ვერ გავიგე – აი, გაათავისუფლეს მელია და რურუა, შესრულდა მიშელის „საუკუნის შეთანხმება“. ევროკავშირის ულტიმატუმი დაკმაყოფილებულია. და გაიმარჯვა დემოკრატიამ? ახლა აყვავდება საქართველო და მოგვარდება ჩვენი საგარეო და საშინაო პრობლემები? სამწუხაროდ, სიმართლე ძალიან შიშველი და მწარეა – ნაცისტი კრიმინალების ლობისტი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, თავიანთი პატრონობის ქვეშ მყოფთა ხელით ანგრევენ ქართულ სახელმწიფოებრიობას! მოეწონება ეს ვინმეს აქ თუ ოკეანის გაღმა, ასეა, ესაა მწარე რეალობა.

სხვანაირად როგორ ავხსნათ ის, რომ ამერიკაში კაპიტოლიუმზე შტურმი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ აქტადაა შეფასებული და 300 ადამიანზე მეტია პასუხისგებაში მიცემული, ხოლო საქართველოს პარლამენტის „შტურმავიკს” ევროკავშირის 26 ქვეყანა უხდის გირაოს და კატეგორიულად ითხოვს მის შეწყალებასა და პარლამენტში დასმას? რატომ ასეთი ორმაგი სტანდარტი? რით დავიმსახურეთ? რატომ წვალობენ ასე ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები და რატომ აყენებენ საკუთარ რეპუტაციას საფრთხის ქვეშ?! იმიტომ ხომ არა, რომ პოლიტიკურ პარტიად წოდებული ნაცისტ-კრიმინალები კი არიან კრიმინალები, მაგრამ მათი კრიმინალები არიან, ერთი ცნობილი გამოთქმისა არ იყოს და მათით უნდათ ოცნება ჩაანაცვლონ?

მე ვინ ვარ, მაგრამ, რომ მისმენდნენ ჩვენზე „მზრუნველი“ პოლიტიკოსები, ვეტყოდი: ნუ გვახვევთ თავს კრიმინალ რურუას, მელიას, ოქრუაშვილს, უგულავას, მათ ბელადს და მთელ მათ „მოძრაობას“!ნუ უჭერთ მხარს სიტყვის და ადამიანის თავისუფლებად შერაცხულ თავგასულობასა და სიძულვილს ყოველგვარი ადამიანურისა და ტრადიციულისადმი! სადღაა ძმობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა, თუკი ჩვენი შინაური პოლიტიკა გარედან უნდა გვიკარნახონ? და უფრო მეტიც – უნდა გვიკარნახონ და გვაიძულონ დამნაშავეთა „გათეთრება“, გვაიძულონ დემოკრატიად და წესრიგად მივიღოთ ის, რაც ყველა ნორმალურ საზოგადოებაში, მათ შორის, მათთანაც, ევროპასა და ამერიკაში, დანაშაული, უწესობა და ამორალობაა…

რატომ უნდა ერქვას დემოკრატია დამნაშავეების დაუსჯელობას? რატომ უნდა ერქვას ჟურნალისტიკა და სიტყვის თავისუფლება გაუნათლებელი, სიტყვა-მყრალი დილეტანტების „შემოქმედებას“? როგორც უნდათ და რასაც უნდათ რომ იტყუებიან, აგინებენ, ცილს სწამებენ, ძალადობენ. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი – ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე „ქართული ოცნებაა“, რომელმაც დასჯის ნაცვლად კოჰაბიტაციით მოაყოჩაღა კრიმინალური ნაცისტური მოძრაობა და გზა გაუხსნა მის რევანშისტულ მიზნებს. მე მადლობელი ვარ მათი ყველა კეთილი საქმის და მიღწევის, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას – ნახევრად-ნდობა-დაკარგული “ოცნება” დღეს უთავოდ დარჩენილი მხედარივით დინებას მიჰყვება და აშკარა თანამონაწილეა დასავლეთის ლობისტების მიერ ნაცისტი კრიმინალებისთვის ხელისუფლების, ქართველი ხალხის ზურგს უკან, ჩუმი გადაბარების. მე მგონია, რომ ეს არ უნდა დავუშვათ და არ უნდა მოხდეს…

ალბათ გამოსავალი ახალი პოლიტიკური ძალის შექმნაა, რომელიც ჩაანაცვლებს „ოცნების” გაუგებარ პოლიტიკას ნაცების მიმართ უფრო პრინციპული პოზიციით და კრიმინალ ნაცისტებს განდევნის პოლიტიკური არენიდან. ამ ახალმა ძალამ უნდა აიღოს ძალაუფლება (რა თქმა უნდა, დემოკრატიულ არჩევნებში), ახალმა პოლიტიკურ ძალამ, ახალმა მოძრაობამ, რომელიც არ დაჰყვება შიდა თუ გარე შანტაჟს, სამართლიანობით და კანონებით იხელმძღვანელებს მართვისას და ბოლომდე პრინციპულად დაიცავს ქვეყნის ინტერესებს და ღირსებას! უფრო მეტად იზრუნებს გაჭირვებულ ადამიანებზე, ხელოვნებაზე და მეურნეობა-მრეწველობაზე… საწყალი ჩვენი საქართველო – აქეთ-იქით ამდენი მტრით.. კიდევ საოცრად გვშველის ღვთისმშობელი, თორემ აქამდე ჩვენისთანა ხალხი ვერც შეინარჩუნებდა ამ ჩვენი მშვენიერი მიწა-წყლის იმ ნაწილსაც კი, რაც კი შევინარჩუნეთ… ვიცი, მეგობრები კვლავ მისაყვედურებენ, ნუ წერ პოლიტიკაზეო და ამიტომ, ისევ სჯობს, მუსიკაზე ვიფიქრო და ვიშრომო. იქ მაინც მივუახლოვდე ჭეშმარიტებას“, – წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.

კომენტარები
მოწონება