IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ბათუმსა და ქობულეთში განთავსებულია დროებითი სამედიცინო პუნქტები, სადაც ტურისტების კორონავირუსზე ტესტირება მიმდინარეობს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ხოჯევანიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჩაიტარონ უფასო ტესტირება Covid-19-ზე.

„მოვუწოდებთ ყველა იქ მყოფ ადგილობრივ მცხოვრებს და ტურისტს, რომ ისარგებლონ ამ მომენტით და ჩაიტარონ ტესტირება, რაც კიდევ უფრო ნათელს მოჰფენს არსებულ სურათს და ეპიდემიოლოგიური ვითარების კიდევ უფრო მეტ პრევენციას მოახდენს“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის 1436 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1150-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება