IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გიორგი ვაშაძის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმების დარღვევას და ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას გადაწყვეტს, მას ამისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქ კითხვა აღარ უნდა დაისვას. ჩვენს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა პარტიებს შორის არის ექვს ოლქზე შეთანხმება. მე ამ შეთანხმების ერთგული ვარ. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტს, რომ დაარღვიოს ეს შეთანხმება, უნდა იცოდეს, რომ ამას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ შეთანხმების დამრღვევს, არასწორი ქმედებების განმახორციელებელს შესაბამისი პასუხი გაეცემა ამომრჩევლისგან. როგორ უნდა გქონდეს შენ ამომრჩევლის ნდობა.

მთავარი მიზანია დამსხვრეული ოცნებების პარტიის შეცვლა და არა გააფთრებული შეტევა ჩემზე. მინდა, ეს ყველა პარტიას შევახსენო. ვერ გავიგე ხალხო, რადგანაც მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა გვაქვს, ამიტომ ზოგიერთმა პოლიტიკურმა ოპოზიციურმა პარტიამ სამიზნედ ამომირჩია?! ეს სამარცხვინოა, მაგრამ მე ამას არასდროს არ ვუპასუხებ იმავე სიბინძურით, რაც სხვებისგან მესმის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციური შეთანხმების მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში შესაძლოა გიორგი ვაშაძეს კონკურენტი დაუყენოს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება