დღეს, 14:00 საათზე, სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლები და მათი ოჯახები რუსთავის ციხესთან აქციას გამართავს – მოვუწოდებთ საზოგადოებას მოდით ყველა ვისაც შეგიძლიათ

847
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დღეს, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ის ადამიანები არიან, ვისაც, სააკაშვილის რეჟიმის დროს, პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ, ასევე – მსხვერპლთა ოჯახების წევრები.

ისინი აქციას 14:00 საათზე აანონსებენ და მოსახლეობას მოუწოდებენ, მათ შეუერთდნენ.

მათივე თქმით, უნდათ, მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც სურს, თავი პოლიტპატიმრად წარმოაჩინოს, აჩვენონ, თუ ვინ იყვნენ ნამდვილი პოლიტპატიმრები და რეჟიმის მსხვერპლები.

საზოგადოებას ყოფილი პოლიტპატიმრის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა მიმართა.

„რამდენიმე პოლიტპატიმარმა გადავწყვიტეთ, ეს აქცია ჩაგვეტარებინა და ხალხისთვის გაგვეხსენებინა, თუ სად ვიყავით, როგორ, რა პირობებში ვცხოვრობდით, ახლა სად ვართ და ნორმალურად თუ არ დავფიქრდებით, ხვალ სად შეიძლება, ამოვყოთ თავი. არ არიან ის ადამიანები, ვინც და ვისი ოჯახებიც სისხლიანი ცრემლებით ატირა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა. გუშინ დილით გადავწყვიტეთ და ვაპირებთ, დღეს, ორ საათზე, რუსთავში, ციხესთან, სადაც ვითომ პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, აქცია ჩავატაროთ. სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ პოლიტპატიმარი იყოს, მაგრამ ვერაფერი ვერ გამოსდის. მინდა, უმორჩილესად მოვუწოდო ყველას, ვისაც, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, სისხლიანი რეჟიმი შეეხო, ვისმა ოჯახებმაც მართლაც რომ სისხლიანი ცრემლებით იტირეს, გთხოვთ, ვისაც გაქვთ საშუალება და დრო, ყველა ჩამობრძანდით რუსთავში, ორ საათზე, ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. იქ განახებთ, ვინ არიან ნამდვილი პოლიტპატიმრები. არიან ადამიანები, ვისაც პოლიტპატიმრის სტატუსიც არ აქვთ. ხალხს მოვუწოდებ, ძალიან გთხოვთ, ჩამოდით, რადგან, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის კატეგორია ძალიან გულმავიწყი ყოფილა და ჩვენი უახლოესი ისტორია არ ახსოვს ან არ უნდა, რომ გაიხსენოს. თქვენი იმედი გვაქვს“, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება