IMG.GE IMG.GE

„მე რომ ოპოზიცია ვიყო, ნებისმიერ შემთხვევაში დავუჭერდი მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს სულაც არ შემიშლის ხელს გავაგრძელო ბატონო გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით ჩემი შემდგომი საქმიანობა“, – ამის შესახებ საია-ს ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან ელჩების მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებასთან დაკავშირებულ რისკებს ყველა აცნობიერებს.

„ჩემი შეფასებით, თუ ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ წელს უკეთესი არჩევნები გვექნება, ვიდრე ამ ცვლილებების პირობებში შეიძლება, მივიღოთ. მე მესმის ოპოზიციის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, როცა ისინი ლაპარაკობენ სასამართლოსთან დაკავშირებულ, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე, მე არ შევდივარ ამ დისკუსიაში, მაგრამ მე რომ ვიყო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში, ვფიქრობ, რომ სწორი პოზიცია იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და ბუნებრივია, იმ ბრძოლის გაგრძელება, რასაც ისინი ახლა ახორციელებენ”, – განაცხადა სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში განიხილავენ. ხოლო კვირას, 21 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება