სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ასოცირდებოდა ციხე შიშთან – შალვა პაპუაშვილი

184
წაკითხვა/ნახვა

ცინიზმია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს ციხესა და შიშზე ერთად, ვინაიდან სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ასოცირდებოდა ციხე შიშთან, გვახსოვს, რაც იყო საერთო ჯამში ის სისტემა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ციხესთან დაკავშირებული შიში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაქრა.

„ციხესთან დაკავშირებით შიში გაქრა სწორედ 2012 წლიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და ძირეულად შეიცვალა სიტუაცია ციხეში. თუ ვინმეს არ ეშინია საკუთარი სიცოცხლის, როდესაც პატიმარია, სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ნიკა მელია თავს მეტნაკლებად კომფორტულად თუ გრძნობდა ციხეში, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ის სისტემა, რომელიც არსებობდა მათი მმართველობის პერიოდში, დაიშალა. ახლა გვაქვს აბსოლუტურად სხვანაირი ციხე. აქ მთავარი ის კი არ არის, ადამიანს ციხის შიში აქვს თუ არ აქვს, მთავარია, აქვს თუ არა განცდა, რომ ჩაიდინა დანაშაული. სამწუხაროდ, ნიკა მელიას არ აქვს განცდა, რომ დანაშაული ჩაიდინა. რასაც ვხედავდით ყველა პირდაპირ ეთერში, რაც ხდებოდა 20 ივნისს მისი მხრიდან, ამის განცდა არ აქვს. ერთ-ერთ სამართალდამცველს თვალი აქვს დაზიანებული და ცალ თვალში დაკარგული აქვს მხედველობა 90 პროცენტით, ამის განცდა არ აქვთ, რა მოხდა იმ დღეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ადამიანმა თავად გააცნობიეროს საკუთარი საქციელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიამ ციხის შიში საერთოდ გააქრო.

კომენტარები
მოწონება