საქართველოს მთავრობამ უკრაინაში 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაგზავნა

IMG.GE

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, უკრაინაში გაიგზავნა 25 ცალი მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომელიც სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოიყენება.

“საქართველოს მთავრობა აგრძელებს უკრაინელი ხალხის აქტიურ მხარდაჭერას. დღეს, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეძენილი 25 ერთეული გენერატორი საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ უკრაინისთვის შეიძინა 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები. ეს არის მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომლებიც გამოყენებული იქნება სამრეწველო მიზნებისთვის – კლინიკებისთვის, საავადმყოფოებისთვის, კვების ობიექტებისთვის და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სხვა ობიექტებისთვის.”- ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

გენერატორების დატვირთვის პროცესს დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი.

“ვისარგებლებ შემთხვევით და მსურს გამოვხატო ჩემი პირადი მადლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების გამო უკრაინისთვის მაღალი სიმძლავრის გენერატორების შეძენისა და გადაცემის შესახებ.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ყველა წევრს ამ გადაწყვეტილების სწრაფად განხორციელებისთვის”, – აღნიშნა უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრიი კასიანოვმა.

IMG.GE
გაზიარება