IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრები, ოჯახს და ოჯახის ადვოკატს შეხვდნენ. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და ადვოკატს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპისთვის მოპოვებული საქმის მასალები და მიღებული ექსპერტიზის შედეგები გააცნეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარებისთვის ,”ფეისბუქის” და “გუგლის” ადმინისტრაციებს მიმართა – თამარ ბაჩალიაშვილის “ფეისბუქის”, “ინსტაგრამის”, “ვოთსაფის” და “გუგლის” მომსახურებების მონაცემების შენახვის მოთხოვნით.

საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებთან.

“თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრები, ოჯახს და ოჯახის ადვოკატს შეხვდნენ. შეხვედრაზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და ადვოკატს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპისთვის მოპოვებული საქმის მასალები და მიღებული ექსპერტიზის შედეგები გააცნეს.

თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის შექმნილი საგამოძიებო ჯგუფის წევრები მომავალშიც ინტენსიურ რეჟიმში შეხვდებიან ოჯახს და ეტაპობრივად მიაწვდიან საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს და ექსპერტიზების შედეგებს. ასევე, მოხდება ოჯახის მიერ მოწოდებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების შესწავლა და ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

დღეს, ასევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე.

საქართველოს პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების „ფეისბუქის“ და „გუგლის“ ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი, ასევე „გუგლით“ სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. ასევე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით.

საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებთან.

საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან კონსულტაციებს გააგრძელებს და საზოგადოებას ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას,” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება