IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ კლინიკამ კოვიდითა და შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება შეაჩერა.

მისივე თქმით, აღნიშნულის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს არაერთგზის ეცნობა.

ამასთან, ცერცვაძე განმარტავს, რომ ჯერჯერობით გრძელდება აივ შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღება, რადგან აღნიშნული კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა დიდ რყევებს გამოიწვევდა.

თენგიზ ცერცვაძე გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობას უკავშირდება.

„დიახ, ვადასტურებთ, ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა „კოვიდ-19“-ით პაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს. ისიც ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელ განცხადებებს არ ეთანხმება.

„რაც შეეხება ქალბატონი მინისტრის ფორმულირებას და პასუხს კორესპოდენტის შეკითხვაზე, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამას, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მისი პასუხი არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ ქალბატონ მინისტრს და მასთან ერთად განვიხილოთ ეს საკითხი.

რეალურად საქმე შემდეგშია – ინფექციური პათოლოგიის ცენტრს რომ მუშაობა უწევდა ექსტრემალურად მძიმე, კრიტიკულ პირობებში, ამას არც ის უარყოფს, ეს ყველამ იცის. ისიც მართალია, რომ შვიდი წლის ლოდინის შემდეგ, არსებობს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გადმოგვცენ ახალი შენობა, არსებობს მზაობა, რომ ამ ახალ შენობაში, რომელიც არ არის დამთავრებული, სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, გაკეთდეს შესაბამისი სარემონტო სამუშაოები, ის მოვიდეს შესაბამისობაში ინფექციური პროფილის კლინიკასთან. მაგრამ, ამას დასჭირდება სულ მცირე ერთი წელი, შეიძლება მეტიც. ამ ერთი წლის განმავლობაში, ბუნებრივია, აუცილებელია, ჩვენს ცენტრს მისი დღევანდელი განთავსების ადგილზე ჰქონდეს რაღაცა მინიმალური, სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობები პაციენტების მომსახურებისთვის.

რომ არაფერი ვთქვათ უკიდურესად ცუდ, პაციენტისთვის მიუღებელ კონდიციებზე, რა მდგომარეობაშიც არის კლინიკის ინფრასტრუქტურა, ესეც არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, იყოს გამართული ისეთი სტრუქტურები, როგორიც არის ვენტილაცია, სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგაბდის მიწოდების სისტემა, კომპიუტერული ტომოგრაფიის, რომელიც შეძენილი გვაქვს უკვე წელიწადნახევარია, დასაწყობებულია და ფუჭდება, მისი განთავსებისთვის შესაბამისი ოთახის მომზადება. ეს ყველაფერი არის არა რაღაც ფუფუნება, არამედ სასიცოცლოდ მნიშვნელოვანი, გადაუდებელი სამუშაოები, რომელიც ცენტრს დღესვე სჭირდება.

ჩვენ ამის შესახებ უკვე ერთი წელია, არაერთგზის მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, განსაკუთრებით ინტენსიური იყო ჩვენი მიმართვები ბოლო თვეებში და განსაკუთრებით ინტენსიურად ბოლო ერთი თვის მანძილზე, სადაც ვთხოვდით მას, დაგვხმარებოდა გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებაში. მხედველობაში მაქვს საჭირო სახსრების გამოყოფა. ჩვენი მოთხოვნები, გადაუდებელი სამუშოებისთვის საჭირო სახსრების შესახებ იყო მინიმალური, ძალიან მცირე სახსრები იყო საჭირო, შედარებით მცირე, სადღაც 300 000 ლარის ფარგლებში. თვითონ სამინისტროს რეგულირების სამსახურმა ჩვენი მიმართვების საფუძველზე, ორჯერ შეამოწმა ჩვენთან არსებული სიტუაცია, ერთხელ იანვარ-თებერვალში, მეორედ 22 ივნისს და დაადასტურა ის ვითარება, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება აუცილებელია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გარდა ამისა, ცერცვაძე ამბობს, რომ თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო, სასამართლოში უჩივლა.

„თებერვალში თვითონ სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სასამართლოში გვიჩივლა. კურიოზული შემთხვევაა, სასამართლოში გვიჩივლა, რომ ცენტრს არ ჰქონდა სავალდებულო სავენტილაციო სისტემა. ანუ, სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება ეკატერინე ტიკარაძის განცხადების იმ ნაწილს, სადაც აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის ან ეკონომიკის სამინისტროებიდან არ ყოფილა შეფერხება, ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი დივიდენდები საჭიროებისამებრ განეკარგა, ცერცვაძის თქმით, არც ერთი სამინისტროსგან არ მიუღიათ უფლება დივიდენდის გამოყენების შესაძლებლობაზე.

„ესეც კატეგორიულად არ შეესაბამება სინამდვილეს. სამუშაოების ჩატარება შეიძლებოდა ორი გზით. ერთი – ჯანდაცვის სამინისტროს აქვს „რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამა“ და ყოველწლიურად რაღაც გარკვეული თანხაა გამოყოფილი. მიგვაჩნია, თუ ამ პროგრამით სადმე უნდა გაკეთებულიყო რამე, სარემონტო სამუშაოები, ეს უნდა მომხდარიყო ჩვენთან. ამაზე მინისტრს ჰქონდა პასუხი, რომ ცენტრის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული და აღნიშნული პროგრამით ვერ გააკეთებს. ერთი წელია, სამინისტროს ამას ვთხოვთ და თავისუფლად შეეძლო, ბიუჯეტის ფორმირებისას საჭიროება გაეთვალისწინებინა.

მინისტრმა გვიპასუხა, რომ ის იფიქრებდა სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე და შემოგვთავაზა გზა, გამოგვეყენებინა ჩვენი დივიდენდი, მაგრამ ამას ასე ვერ გამოვიყენებთ, ჩვენი ფული არ არის, ჩვენთან არ დევს. დივიდენდის გამოყენების უფლება რომ მიიღოს დაწესებულებამ, საჭიროა ფინანსთა სამინისტროს სპეციალური კომიტეტის და ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური გადაწყვეტილება. ქალბატონი მინისტრი შეგვპირდა, რომ გაგვიწევდა შუამდგომლობას ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან, რათა დაერთოთ ნება, გამოგვეყენებინა დივიდენდი.

ის ამბობს, რომ ყველა სამინისტროს მხრიდან არსებობდა მზაობა დივიდენდის გამოყენებაზე, რაში გამოიხატება მზაობა? ბოლო ორ თვეში თითქმის ყოველდღე ვწერდით წერილობით ჯანდაცვის სამინისტროს და არ მიგვიღია არანაირი პასუხი, რომ შედგა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის და დაგვრთეს ნება დივიდენდის გამოყენებაზე. ეს უნდა მოხდეს წერილობით, ოფიციალური გადაწყვეტილებით. დივიდენდის გამოყენების უფლება რომ მიგვეღო, რემონტს გავაკეთებდით. ჩვენ არ ვიცით, ჯანდაცვის სამინისტრომ არ მიმართა, მიმართა, თუ მათ უპასუხეს უარით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გარდა ამისა, ცერცვაძე მკრეხელობას უწოდებს ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომელიც სოციალური სააგენტოს ორი თვით ადრე გაფრთხილების გარეშე, კლინიკის მიერ პროგრამის დატოვების გამო, კანონით გათვალისწინებულ 10-პროცენტიან ჯარიმას უკავშირდება.

„რაც შეეხება იმას, თუ ჩვენ პროგრამის დატოვება გვინდა, ორი თვით ადრე უნდა მიგვემართა, დავჯარიმდებოდით 10 პროცენტით და რაღაც, არ მინდა, რაიმე მკვახე სიტყვა გამოვიყენო, ეს მკრეხელობაა. მკრეხელობაა ჩვენი აქეთ არაფერში დადანაშაულება. ჩვენ პროგრამის დატოვება კიარ გვინდა, ჩვენ გვინდა, დაგვეხმარონ ამ პროგრამის შესრულებაში, ელემენტარული, მინიმალური პირობების შექმნაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ, იძულებული რომ ვართ, შევწყვიტოთ მომსახურება, ამაში ერთი პროცენტი არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა.მთლიანად, 100 პროცენტით ჯანდაცვის სამინისტროს, შესაძლოა, სხვა სტრუქტურების, შპს „ავერსის“ და სხვების პასუხისგებლობაა. ამას მე ძალიან იოლად დავამტკიცებ ნებისმიერ დროს და ნებისმეირ ფორმატში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება