თითქოსდა, უნდა ყოფილიყო რეფერენდუმი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, აღმოჩნდა რეფერენდუმი „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ და არის მითითებები, ჩაშალონ დათვლის პროცესი

191
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დღეს კიდევ ერთხელ მოგვცეს ნდობის მანდატი, ეს მანდატი არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, ვაფასებთ ამას და ვიცით, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ამ დღეს და ამ პირობებში ჩატარებული არჩევნების დროს ამ მანდატის მოცემას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დღევანდელ არჩევნებში.

„თქვენ იცით აქტივობის ბოლო მონაცემები და იცით, რომ საკმაოდ მაღალი იყო ეს აქტივობა. გაიმეორა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობა და ეს აჩვენებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ნდობა არჩევნების მიმართ; აქვთ ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ და მათ სურთ, რომ წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა პარტიების მეშვეობით ამა თუ იმ ინსტიტუტში, ამ შემთხვევაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში. გარდა ამისა, მინდა, მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას უბნების, ოლქების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დონეზე. ჩვენ დღეს ვნახეთ ათიათასობით წევრი კომისიისა როგორ იყო ჩართული სამუშაოში და ეს მართლაც დასაფასებელი შრომაა. მათ ახლა წინ აქვთ კიდევ რამდენიმე საათი დათვლის და მნიშვნელოვანი არის, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო პირობები, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, დღეს, დღის განმავლობაში ვხედავდით, ზოგიერთი უბანი აღმოჩნდა ზედმეტი ყურადღების ქვეშ; ვხედავდით, როგორ სტრესულ გარემოში უწევდათ მუშაობა. მათ ღირსეულად გაართვეს თავი და ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა საარჩევნო რეფორმის დადებითი შედეგები. წინ არის რამდენიმე საათი, რომელიც სჭირდება კომისიებს, რომ დათვალონ შედეგები და მნიშვნელოვანია, რომ მათ მივცეთ ამისთვის შესაძლებლობა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით.

„დღის განმავლობაში გაცნობდით სხვადასხვა ინციდენტებისა და დარღვევების შესახებ. ჩვენი ვებსაიტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რომ 13 ინციდენტი დაფიქსირდა მთლიანად არჩევნების მიმდინარეობისას. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ კვლავ მონიტორინგს ინციდენტების. ცამეტივე ინციდენტი იყო ისეთი, რომ არ გაცდენილა ზეპირ და სიტყვიერ შელაპარაკებას და ამანაც ხაზი გაუსვა, რამდენად მშვიდობიანად წარიმართა დღეს არჩევნები.

ამასთან ერთად, ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავალებს საკუთარ აქტივს, რომ არიოს სიტუაცია უბნებზე, ნახეს რა შედეგები, რომ პირწმინდად წააგეს და ყველა მათი დანაპირები თავისი ამომრჩევლების მიმართ, თითქოსდა ეს უნდა ყოფილიყო რეფერენდუმი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, აღმოჩნდა რეფერენდუმი სწორედ მათ წინააღმდეგ და არის მითითებები, რომ ჩაშალონ დათვლის პროცესი.

მინდა, ძალიან მკაცრად „ქართული ოცნების“ და ზოგადად, ხელისუფლების სახელით განვაცხადო, ისევე, როგორც დღეს, დღის განმავლობაში იყო დაცული სიმშვიდე საარჩევნო უბნებზე, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს სიმშვიდე იყოს დაცული დათვლის დროსაც. ამის პირობას დებს ერთი მხრივ ხელისუფლება, მეორე მხრივ, თვითონ საარჩევნო კომისიები. ჩვენი მხარდამჭერებიც უნდა იქნენ მობილიზებული, რამდენიმე საათი კონცენტრირება არის საჭირო, არავის მივცეთ შესაძლებლობა პროვოკაციის ერთი და არავის მივცეთ შესაძლებლობა ძალადობის უბნებზე. ამისი გარანტია არის საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც 1 000-ზე მეტნი არიან და აკვირდებიან ამ არჩევნებს.

თქვენ ნახეთ მათი შეფასებები დღის განმავლობაში, მათ შორის, ახლაც ნახეთ შემაჯამებელი შეფასება, რამდენად მშვიდობიანად და წარმატებულად აფასებენ ისინი ამ არჩევნებს. ასე რომ, ახლა ჩვენი ყველას ვალია, რამდენიმე საათი მივცეთ საარჩევნო კომისიას იმისთვის რომ დათვალოს შედეგები.

გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ჩვენი ვებგვერდის საშუალებით ჩვენ შემოგთავაზეთ პარალელური დათვლის შედეგებს. ჩვენ უკვე შემოგვივიდა რამდენიმე ათეული უბნის შედეგი, თუმცა გვინდა, რომ სტატისტიკურად რეპრეზენტატული იყოს, ამიტომ უახლოეს მომავალში, დაახლოებით ალბათ ერთ საათში ჩვენ უკვე მოგაწვდით პირველად შედეგებს პარალელური დათვლის. ალბათ რამდენიმე საათით ადრე იქნება ცესკო-ს შედეგებზე და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე საათში უკვე გვექნება სრული სურათი მეტ-ნაკლებად არჩევნების შედეგებისა, ისე როგორც ეს აისახა ბიულეტენებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა კოალიციური მთავრობის საკითხზე, რასთან დაკავშირებითაც საუბრობს ოპოზიცია.

„ყველაზე კარგი პასუხი იქნება სულ მალე, როდესაც დაითვლება ბიულეტენები და არ იქნება მხოლოდ ციფრები გამოსახული ეკრანზე, არამედ იქნება ციფრები გამოსახული ბიულეტენებიდან. ასე რომ, დაელოდოს ყველა ბიულეტენებს. ცოტა დარჩა იმისთვის, რომ საბოლოოდ გააანალიზონ, ისევე, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წააგეს და ზოგისთვის მტკივნეული იყო, შეიძლება და ვერ აღიარებდა, საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა, რომ ასეთი დაბალი შედეგი და უნდობლობა მიიღო მოქალაქეების, ზოგი განზრახ იქცეოდა ასე. ასევე ნახავენ ახლა, რომ ზოგიერთის გაზვიადებული წარმოდგენები, ზოგიერთის ბოროტი განზრახვები და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი. ამიტომ აქედანვე ჯობია, შეეგუონ დამარცხებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება